სუს-ის ინფორმაციით, ქუთაისის მერიის ა(ა)იპ-ის დაკავებულმა თანამშრომელმა მუშაობის დაწყების სანაცვლოდ პირს 800 ლარი მოსთხოვა, საიდანაც 400 ლარი წინასწარ გამოართვა

სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 24 ივნისს თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, ქუთაისის მერიის ა(ა)იპ „ქალაქ ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების“ თანამშრომელი დააკავეს.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან იუწყებიან, გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულმა, მოქალაქეს ქუთაისის მერიაში მუშაობის დაწყების სანაცვლოდ 800 ლარი მოსთხოვა, საიდანაც თანხის ნაწილი 400 ლარი წინასწარ გამოართვა.

„გამოძიებას მიმდინარეობს, თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, რასაც შესაძლოა მნიშვნელოვანი ზიანი გამოეწვია, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით ითვალისწინებს. გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო“, - ნათქვამია ინფორმაციაში.