თბილისის საკრებულოს სამგორის (მე-3 მასივი) რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი დოხტურიშვილი ვარკეთილის ზემო პლატოზე, 3 ჰექტარ ტერიტორიაზე, ახალი პარკის მოწყობის თაობაზე დედაქალაქის მერის, კახა კალაძის ინიციატივას გამოეხმაურა.
გიორგი დოხტურიშვილის თქმით, ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი რეკრეაციული სივრცის მოწყობა რაიონის მოსახლეობის თხოვნა იყო, რომელიც თბილისის მერიამ გაითვალისწინა. მისი განმარტებით, პარკის მშენებლობა უახლოეს მომავალში დაიწყება და ტერიტორიის მასშტაბური განახლება მოხდება.
„ვარკეთილის მე-3 მასივში მნიშვნელოვან პროექტს ვიწყებთ, რომელიც ჩვენი საარჩევნო დაპირება იყო. როდესაც მოსახლეობას შევხვდი, მათი მხრიდან დაფიქსირდა თხოვნა, რომ ამ ტერიტორიაზე პარკი მოწყობილიყო. ათწლეულების წინ აქ ძალიან ლამაზი სივრცე არსებობდა, დღეს კი, არანაირი ინფრასტრუქტურა აღარ არსებობს. ახალი დასასვენებელი სივრცე არა მხოლოდ მე-3 მასივის მოსახლეობისთვის, არამედ მთლიანად ვარკეთილისთვის იქნება მნიშვნელოვანი, რადგან ტერიტორია ძალიან დიდია. დაგეგმილი სამუშაოების ფარგლებში, სრულად გამწვანდება პარკის ტერიტორია, დაირგვება ხე-მცენარეები, მოეწყობა სხვადასხვა სახის გასართობი სივრცეები, საფეხმავლო და ველობილიკები. მინდა, მადლობა გადავუხადო დედაქალაქის მერს, კახა კალაძეს, ამ უმნიშვნელოვანესი პროექტის მხარდაჭერისთვის. ვულოცავ მე-3 მასივში მცხოვრებლებს მნიშვნელოვანი და მასშტაბური პროექტის დაწყებას. ჩვენი მიზანია, ვარკეთილის მე-3 მასივში რაც შეიძლება მეტი გამწვანებული, კომფორტული და უსაფრთხო დასასვენებელი ადგილი იყოს. ეს სივრცე მოსახლეობას საშუალებას მისცემს, თავისუფალი დრო კომფორტულ და კეთილმოწყობილ გარემოში გაატაროს“, - განაცხადა გიორგი დოხტურიშვილმა.
აღნიშნულ ინფორმაციას საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.