თბილისის მერია - ბეთანიაში თამარ მეფისა და სალბიერის ქუჩების რეაბილიტაცია დაიწყო

თბილისის მერიის ინფორმაციით, ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ბეთანიაში თამარ მეფისა და სალბიერის ქუჩების რეაბილიტაცია დაიწყო.

მერიის ცნობით, თამარ მეფის ქუჩაზე გზის საფარის განახლება მოხდება, სალბიერის ქუჩაზე კი, სადაც გრუნტის გზაა, მოეწყობა საფუძველი და პირველად დაიგება ასფალტი.

მათივე ცნობით, პროექტის თანახმად, საერთო ჯამში, 12 740 მ2 ფართობის გზა მოეწყობა. გზის რეაბილიტაციის პროცესს ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე გაეცნო და მოსახლეობას შეხვდა.

„დავიწყეთ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება - თამარ მეფისა და სალბიერის ქუჩების მოწყობა, რაც ადგილობრივი მცხოვრებლების და დამსვენებლების დიდი ხნის თხოვნა იყო. ბეთანიაში ასფალტის საფარი რამდენიმე ქუჩაზე გასულ წელს უკვე დავაგეთ. უახლოეს ორ თვეში აღნიშნული ორი ქუჩაც მოწესრიგდება, რაც ბეთანიაში კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილების პირობებს გააუმჯობესებს", - განაცხადა ნოდარ ტურძელაძემ.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული ქუჩების მოწყობის სამუშაოების ღირებულება 693 754 ლარს შეადგენს.