ესპანელმა პენსიონერებმა აქცია გამართეს და საპენსიო მინიმუმის გაზრდა მოითხოვეს

მადრიდის ცენტრში პარლამენტის შენობასთან ესპანელმა პენსიონერებმა და მათმა მხარდამჭერებმა მსვლელობა მოაწყეს. მათი მთავარი მოთხოვნა საპენსიო მინიმუმის გაზრდა იყო. პენსიონერები ითხოვენ, რომ ესპანეთის მთავრობამ საპენსიო მინიმუმი 1 084 ევროთი განსაზღვროს.

როგორც ესპანეთის სოციალური დაცვისა და საპენსიო საკითხთა სამინისტრო ირწმუნება, ესპანეთში მაისში საშუალო თვიური პენსია 1 011 ევრო იყო, თუმცა დემონსტრანტები აცხადებენ, რომ პენსიების ნაწილი გაცილებით ნაკლებია.

„მე არ მაქვს კარგი სიტუაცია. ჩემი შვილი უმუშევარია და უზარმაზარ დეპრესიას განიცდის. მე 600 ევროს გამოვიმუშავებ და სულ ეს არის“, - აცხადებს პენსიონერი კარმენ სანჩესი.

პენსიონერებმა აქციაზე საზოგადოებრივი ჯანდაცვაც მოითხოვეს და კორონავირუსთან გამკლავებისას ადგილობრივი მთავრობის ნაბიჯები გააპროტესტეს.