საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, მშენებლობის სექტორის მიმართულებით არსებული გადაწყვეტილებები დადგენილების სახით დღეს იქნება მიღებული.
მთავრობის მეთაურის თქმით, ამ მიმართულებით ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელიც წლის ბოლომდე იპოთეკური სესხის საშუალებით შეიძენს საცხოვრებელ ფართს, სახელმწიფო ნაწილობრივ უსუბსიდირებს იპოთეკურ პროცენტს 5 წლის განმავლობაში.
„გადაწყვეტილება მშენებლობის სექტორის მიმართულებით, ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც ჩვენ წარმოვადგინეთ, სამთავრობო დონეზე დადგენილების სახით დღეს იქნება მიღებული. აქ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, რომელიც იპოთეკური სესხის საშუალებით შეიძენს საცხოვრებელ ფართს წლის ბოლომდე, სახელმწიფო ნაწილობრივ უსუბსიდირებს იპოთეკურ პროცენტს 5 წლის განმავლობაში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რაც მისცემს შესაძლებლობას ჩვენს მოქალაქეებს, მიუხედავად ეკონომიკური კრიზისისა, ის გადაწყვეტილება, რომელიც მათ ჰქონდათ მიღებული საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების შესახებ, განახორციელონ. გარდა ამისა, ყველა ის ნაბიჯი, ღონისძიება, რომელიც მიმართულია მშენებლობის სტიმულირებისკენ, ძირითადად მიმართულია იმ 25 ათასი ჩვენი მოქალაქის კეთილდღეობისთვის, რომელსაც უკვე აქვს იპოთეკური სესხი და სრულად იქნება გარანტირებული, რომ არცერთი დაწყებული მშენებლობა არ დარჩეს დაუსრულებელი. ამაზე მთავრობა და სახელმწიფო იზრუნებს,“- განაცხადა გახარიამ.