როგორ გამოიყურება ბიძინა ივანიშვილის აშენებული ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (+ფოტო)

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) მშენებლობის პირველი ფაზა დასრულდა.

შესაბამისად, სტუდენტების პირველი ნაკადის მიღებას უნივერსიტეტი 2020 წლის შემოდგომიდან გეგმავს.

სტუდენტებს უნივერსიტეტში დახვდებათ თანამედროვე სტანდარტების სრულად მოწყობილი სტუდენტური საცხოვრებლები, სტუდიოს ტიპის ოთახები ავტონომიური გათბობისა და გაგრილების სისტემებით, სველი წერტილებით, საძინებლით, სრულად აღჭურვილი სამზარეულოთი და სამეცადინო კუთხით. ოთახები აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით, ავეჯით, ყველა საჭირო ინვენტარითა და ინტერნეტის უწყვეტი კავშირით.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კამპუსი, რომელიც 153 ჰექტარზეა გაშენებული, მოიცავს ულტრათანამედროვე აკადემიურ კორპუსებს, ბიბლიოთეკებს, კაფეტერიებს, კეთილმოწყობილ სასპორტო და საგზაო ინფრასტრუქტურას, საერთო სამუშაო სივრცეებს, სტუდენტურ საცხოვრებლებს, ასევე საცხოვრებლებს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის. საუნივერსიტეტო ქალაქის განვითარება და მშენებლობა ეტაპობრივად მიმდინარეობს.

ცნობისთვის, უნივერსიტეტი 60 000 სტუდენტზე გათვლილი, მსოფლიოში მასშტაბით მე-5 საუნივერსიტეტო ქალაქია, რომელიც ქუთაისთან ახლოს მდებარეობს. პროექტის პრეზენტაცია 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებამდე ერთი თვით ადრე გაიმართა. ქუთაისისთვის საუნივერსიტეტო ქალაქის ფუნქციის მინიჭების იდეა ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის. ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის, თბილისის ტექნოლოგიური ინსტიტუტისა და სამეცნიერო კვლევითი ცენტრის საერთო ბიუჯეტი მილიარდი ევროა.

თაია არდოტელი