ბიზნესისთვის შეღავათი წესდება, დაზიანებული, გაფუჭებული საქონლის ჩამოწერის პროცედურა მარტივდება

ბიზნესის ხელშეწყობისა და ადმინისტრირების დანახარჯების შემცირების მიზნით, მთავრობისა და კერძო სექტორის თანამშრომლობის შედეგად, მომზადდა ცვლილებები, რომლის მიხედვითაც მარტივდება დაზიანებული/გაფუჭებული საქონლის ჩამოწერის პროცედურა. ცვლილებების შედეგად, მნიშვნელოვნად მარტივდება გადასახადის ადმინისტრირების პროცესი, მცირდება ბიზნესის დანახარჯები და დრო.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული ინიციატივა ხელს შეუწყობს ბიზნესს, განსაკუთრებით იმ კომპანიებს, რომლებმაც COVID-19 -ის პანდემიის გამო ახლა შეძლეს ბიზნეს პროცესების განახლება, მათ კიდევ უფრო შეუმსუბუქდებათ საგადასახადო ვალდებულებები, რაც დაეხმარებათ სწრაფად აღდგენაში და შემდგომ განვითარებაში. " ბიზნესთან კონსულტაციების შედეგად მომზადებული ცვლილებებით, გადამხდელებისთვის, რომლებსაც მოწესრიგებული აღრიცხვა აქვთ:

• სრულად უქმდება 100 ლარამდე ღირებულების დაზიანებული/გაფუჭებული საქონლის ჩამოწერის საფასური;

• იხვეწება დაზიანებული/გაფუჭებული საქონლის ჩამოწერის კრიტერიუმები - საზოგადოებრივი კვების ობიექტებს შეეძლებათ გამარტივებულად, საგადასახადო ორგანოს მხრიდან ადგილზე გასვლის, დათვალიერებისა და საფასურის გადახდის გარეშე, ჩამოწერონ დაზიანებული/გაფუჭებული საქონელი;

• დგინდება სურსათის დანაკარგების ოდენობა სავაჭრო ობიექტებისთვის, რომლებსაც მიეცემათ შესაძლებლობა, სურსათის რეალიზაციით მიღებული შემოსავლის 1%-ის ოდენობის დანაკარგი არ დაბეგრონ გადასახადებით. აღსანიშნავია, რომ დაზიანებული/გაფუჭებული საქონლის ჩამოწერის პროცედურის გამარტივება ერთ-ერთია იმ საკითხებს შორის, რომლის გადაწყვეტაზეც მთავრობა ბიზნესთან ერთად აქტიურად მუშაობდა. აღნიშნული ინიციატივა სრულად ასახავს ბიზნესის ინტერესებს და შედგენილია სწორედ ბიზნესის მხრიდან დაყენებული წინადადებებისა და მოსაზრებების შესაბამისად,"-ნათქვამია ინფორმაციაში.