„100 ლარამდე ღირებულების დაზიანებული ან გაფუჭებული საქონლის ჩამოწერა ბიზნესს ყოველგვარი საფასურის გარეშე შეეძლება"

100 ლარამდე ღირებულების დაზიანებული ან გაფუჭებული საქონლის ჩამოწერა ბიზნესს ყოველგვარი საფასურის გარეშე შეეძლება, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ვანო მაჭავარიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, გაფუჭებული სურსათის ჩამოწერა შეეძლებათ ასევე იმ ობიექტებს, რომელთაც აღირცხვა მოწესრიგებული აქვთ.

„ეს მოთხოვნები ბიზნესიდან მოდიოდა. საბოლოო ჯამში შევჯერდით და დღეიდან ამ ინიციატივით წარვდექით საზოგადოების წინაშე. 100 ლარამდე ღირებულების დაზიანებული ან გაფუჭებული საქონლის ჩამოწერა ყოველგვარი საფასურის გარეშე შეეძლება ბიზნესს. ადრე 20- ლარიანი საფასური იყო. რიგ შემთხვევაში ეს ბიზნესს არ უღირდა. ერთ პატარა მაღაზიას ყოველდღე რომ ჩამოეწერა, თეორიულად შეიძლება 600 ლარი გადაეხადა. ჯამში შეიძლება ამხელა ჩამოსაწერი თანხა არ ჰქონოდა. ასევე, კვების ობიექტებს, ვისაც აქვს მოწესრიგებული აღრიცხვა, ჩვენ, აქაც, ამ შემთხვევაში ვენდობით, ადრე თუ მათ უნდა შეენახათ გაფუჭებული სურსათი, ჩვენ გავუუმჯობესეთ მდგომარეობა, ვენდობით და მათ შეუძლიათ გადასახადის გადახდის გარეშე ჩამოწერონ ეს საქონელი. და ასევე, ბუნებრივი დანაკარგები ვისაც აქვთ, ეს ეხება სუპერმარკეტებს, მათაც ვისაც აქვს მოწესრიგებული აღრიცხვა, მთლიანი შემოსავლის 1 პროცენტამდე ვენდობით და შეუძლიათ გაატარონ ეს დანაკარგი ხარჯში ისე, რომ არ დაბეგრონ," - განაცხადა მაჭავარიანმა.