ნათია თურნავა - ჩვენთვის ფასეულია „ფრონტერაც“, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ამერიკული ინვესტიცია

ჩვენთვის ფასეულია „ფრონტერაც“, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ამერიკული ინვესტიცია.

მოვუწოდებ „ფრონტერას“, არაფრის მომცემი, საჯარო კამპანიის ნაცვლად მობრძანდეს, მივუსხდეთ მოლაპარაკებათა მაგიდას, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტების მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ქართული მხარე მზადაა ისაუბროს იმაზე, რაც „ფრონტერას“ აწუხებს, თუმცა კომპანია მოლაპარაკებას ჯერჯერობით, რატომღაც თავს არიდებს.

„კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ამერიკული ინვესტიცია, თითოული კომპანა ან ინვესტორი ვინც ჩვენს ბაზარზე ოპერირებს, ან მომავალში ველით, რომ შემოვიდეს. ძალიან დადებითი იყო ის დინამიკა, რაც გამოაქვეყნა ჩვენმა სტატისტიკის დეპარტამენტმა. სტატისტიკის დეპარტამენტის ოფიციალური მონაცემებია, რომ პირველ კვარტალში გაიზარდა 34%-ით აშშ-დან პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. ეს კარგი ნიშანია იმისა, რომ ჩვენ მივდივართ სწორი მიმართულებით, მაგრამ გვინდა, ამ მიმართულებით ჩვენი ძალისხმევა გავაძლიეროთ. მათ შორის, ერთ-ერთი მათგანი კომპანია „ფრონტერაა“, ამერიკული ინვესტიცია, რომელიც ასევე ფასეულია ჩვენთვის. ჩვენ აქამადეც ძალიან ცივილიზებულად ვიქცეოდით. როდესაც გარკვეული პრობლემები და კითხვები გაჩნდა ხელშეკრულების ვალდებულების შესრულებასთან, ჩვენ ამ კითხვებზე პასუხი მივანდეთ მხოლოდ და მხოლოდ საერთაშორისო არბიტრაჟს. საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილების მიხედვით ჩვენ მივიღეთ პოზიტიური პასუხი ქართული მხარის მიერ დასმულ, პრაქტიკულად, ყველა საკითხზე. ამას ისიც ადასტურებს, რომ „ფრონტერამ“ 99% უკვე თავისი სალიცენზიო არეალი სახელმწიფო საკუთრებაში დააბრუნა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ მზად ვართ ძალიან პოზიტიური, საგნობრივი დიალოგისთვის, რომელიც შეეხება იმას, რომ კომპანია „ფრონტერას“ შესაძლებლობა მიეცემა საქართველოს ტერიტორიაზე საქმიანობა გააგრძელოს იმ დარჩენილი სალიცენზიო არეალის ფარგლებში, რაც დღეს გააჩნია. ჩვენ მზად ვართ და მოქნილები ვართ, ვისაუბროთ ვადებზე, პირობეზე, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ იქ 90-მდე ადამიანი არის დასაქმებული და გვაღელვებს მათი ბედი, მაგრამ ამისთვის საჭიროა, რომ კომპანია „ფრონტერამ“ შეწყვიტოს არაფრის მომცემი საჯარო კამპანია და მიუსხდეს მოლაპარაკებათა მაგიდას. ჯერჯერობით ისინი, რატომღაც თავს არიდებენ ჩვენთან საუბრისთვის მაგიდასთან დასხდომას.

მე, მინდა, კვლავ მოვუწოდო კომპანია „ფრონტერას“, რომ მივუსხდეთ მოლაპარაკებათა მაგიდას, ვისაუბროთ ნებისმიერ საკითხზე, რაც მათ აწუხებთ. რა თქმა უნდა, ქართული კანონმდებლობისა და საერთაშორისო კანონმდებლობის ფარგლებში ჩვენ პოზიტიური დიალოგისთვის მზად ვართ. ელჩთან შეხვედრამ განგვიმტკიცა დიალოგისკენ ის პოზიტიური მზადყოფნა, რაც ჩვენ მანამდე ჩამოგვიყალიბდა. როდესაც უკვე ხელში გვიჭირავს საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილება და აქ, პრაქტიკულად, კითხვები არ არის, ამის მიუხედავად, ჩვენ ვხედავთ შესაძლებლობას, რომ შევინარჩუნოთ კომპანია „ფრონტერა“ საქართველოში, როგორც ამერიკული ინვესტიცია და ვისაუბროთ კონკრეტულად ვადებზე, პირობებზე და მივიდეთ ურთიერთმისაღებ გადაწყვეტილებამდე. ელჩთან საუბრისას ჩვენი ეს მზადყოფნა გავაჟღერეთ, რამაც ძალიან დადებითი შეფასება დაიმსახურა“, - განაცხადა ნათია თურნავამ.