წყლის ორგანიზმების მოშენება შესაბამისი კანონმდებლობით დარეგულირდება - როდიდან დაიწყება ნებართვების გაცემა

წყლის ორგანიზმების (თევზი, მოლუსკები, კიბოსნაირები და წყლის მცენარეები) მოშენება საქართველოში შესაბამისი კანონმდებლობით დარეგულირდება. პარლამენტმა მესამე მოსმენით, 82 ხმით „აკვაკულტურის შესახებ“ კანონპროექტი დაამტკიცა.

კანონპროექტის თანახმად, წყლის ორგანიზმების მოშენება ორგანიზებული პროცესი გახდება და ამ საქმიანობის განხორციელება მხოლოდ აკვაკულტურის ნებართვის საფუძველზე იქნება დასაშვები. თევზების, მოლუსკების, კიბოსნაირების და წყლის მცენარეების მოშენება ნიშნავს მათ გამრავლებას ან ორგანიზმების რეგულარულ შენახვას, კვებას, ორგანიზმების დაცვას მტაცებლებისგან ან სხვა მსგავსი ჩარევებისგან ორგანიზმების ბუნებრივი სასიცოცხლო ციკლის განმავლოობაში. მოშენება, ასევე, მოიცავს მათზე ერთი ან მეტი ფიზიკური ან იურიდიული პირის საკუთრებას.

ამასთან, კანონპროექტით განისაზღვრება აკვაკულტურის განხორციელების ძირითადი პრინციპები და სპეციალური მოთხოვნები. კანონპროექტი აგრეთვე განსაზღვრავს აკვაკულტურის ნებართვის გაცემის წესსა და ნებართვის მფლობელის ვალდებულებებს. აკვაკულტურის განხორციელების უფლება პირს მიენიჭება 20 წლამდე ვადით. აღსანიშნავია, რომ აკვაკულტურის საქმიანობის ნებართვის გაცემა 2024 წლიდან 200 ლარი ეღირება.

კანონპროექტით დგინდება საქართველოს საზღვაო წყლებში ზონირების საფუძვლები. საზღვაო წყლებში აკვაკულტურის საქმიანობა განხორციელდება და აკვაკულტურის ნებართვა გაიცემა ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ ზონებში, რომლის საზღვრებს ადგენს საქართველოს მთავრობა.

„საყოველთაოდ აღიარებულია, რომ აკვაკულტურის მეურნეობა მომგებიანი ხდება 4-7 წლის შემდგომ, შესაბამისად ეს ვადა საჭიროა იმისთვის, რომ პოტენციური ინვესტორებისთვის მიმზიდველი იყოს მისი განხორციელება. ამ ვადის გასვლის შემდგომ, აკვაკულტურის საქმიანობის გაგრძელების სურვილის შემთხვევაში პირი ვალდებული იქნება მოითხოვოს ნებართვის ვადის გაგრძელება ან ხელახლა გაიაროს აკვაკულტურის განხორციელების უფლების მიღების მიზნით განსაზღვრული პროცედურები. აღნიშნული ჩანაწერის მიზანია თავიდან იქნეს აცილებული აკვაკულტურის განმახორციელებლი პირის მიერ საქმიანობის თვითნებური გაგრძელება და შესაბამის კომპეტენტურ ორგანოს ჰქონდეს შესაძლებლობა, გაგრძელებასთან დაკავშირებული უარყოფითი პოზიციის შემთხვევაში, ობიექტური გარემოებების არსებობისას, თუ პირის საქმიანობა ზიანს აყენებს გარემოს, სახელმწიფო და საზოგადოებრივ ინტერესებს, არ მისცეს პირს აკვაკულტურის განხორციელების გაგრძელების შესაძლებლობა,“ - ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

კანონპროექტის ამოქმედება 2021 წლიდან იგეგმება. მისი ინიციატორები არიან დეპუტატები: ნინო წილოსანი, კახაბერ კუჭავა, სულხან მახათაძე, ოთარ დანელია, ენძელა მაჭავარიანი, გიორგი გაჩეჩილაძე, კობა ლურსმანაშვილი, ზაზა ხუციშვილი და პაატა გოგოხია.