გერმანიაში ერთჯერადი პლასტიკური ნივთების გაყიდვა აიკრძალება.
საუბარია, ერთჯერადი დანების, ჩანგლების, კოვზების, კონტეინერების და ყურის ჩხირების აკრძალვაზეც. ამ გადაწყვეტილების მიზეზი არის პლასტიკური ნარჩენების რაოდენობის შემცირება, რომელიც აბინძურებს გარემოს - იტყობინება ABC News.
გერმანიის მთავრობის გადაწყვეტილებით, აკრძალვა ძალაში 2021 წლის 3 ივლისიდან შევა. გარემოს დაცვის მინისტრის სვენია შულძცის თქმით, პარკებში და სხვა საზოგადოებრივ ადგილებში მოგროვილი ნაგვის 20% -მდე სწორედ პლასტიკურ ნივთებზე მოდის.
როგორც ცნობილია, პლასტმასის დაშლას ათწლეულები სჭირდება. ამიტომ, ქვეყნები ერთჯერადი პლასტიკის ჭურჭლის გამოყენებას ეტაპობრივად კრძალავენ. გასული წლის მაისში გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში მსოფლიოს 180-მა ქვეყანამ მიიღო ერთობლივი გადაწყვეტილება მსოფლიო ოკეანის დაბინძურების შემცირების შესახებ. მათ აღნიშნეს, რომ პოლიეთილენის პარკები და ბოთლები ოკეანეში ბინადარ ცხოველებსა და თევზებს ხშირად საფრთხეს უქმნიან.