საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქვეყნის მასშტაბით ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას აგრძელებს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, ფონდმა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დაბა ბახმაროში დასასვენებელი პარკის და ქალაქ ოზურგეთში სამკუთხა სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ტენდერი გამოაცხადა.
პროექტის ფარგლებში, ბახმაროს პარკისა და ოზურგეთის სკვერში მოეწყობა ბილიკები, ამფითეატრი, საბავშვო და სპორტული ზონები, ფანჩატურები. ტერიტორიაზე დამონტაჟდება სკამები, წყლის სოკოები, ნაგვის ურნები, ლამპიონები. გამწვანდება პარკის ტერიტორია, რომელიც დაიყოფა სხვადასხვა დანიშნულების ზონებად და სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.
ბახმაროს პარკისა და ოზურგეთის სამკუთხა სკვერის გარდა, მუნიციპალური განვითარების ფონდი წლის ბოლომდე გეგმავს ბაკურიანის ცენტრალური პარკის რეაბილიტაციის, ზუგდიდში კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის ბიბლიოთეკის მშენებლობის, მესტიაში ლაღამის უბნის, თელავის, ველისციხის, ბაკურიანისა და აბასთუმნის ურბანული განახლების მეორე ეტაპის ტენდერების გამოცხადებას.