ხელფასისა და სამუშაოს გარეშე მაისში 91 ათასი ადამიანი დარჩა

2020 წელს თებერვალთან შედარებით, მაისში ხელფასი დაქირავებით დასაქმებულთა 11%-ს არ ჩაერიცხა, რაც 91,000 ადამიანს შეადგენს.

ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი კაპიტალი“ ავრცელებს. მათი ცნობით, აპრილთან შედარებით, ეს რიცხვი 11,700 ადამიანით არის გაზრდილი.

„შედარებით მკვეთრი შემცირებებია HORECA და ვაჭრობის სექტორებში. ამჟამად უნაღდო დანახარჯების წლიური ცვლილება სექტორების ნაწილში მზარდი დინამიკით ხასიათდება, თუმცა, მნიშვნელოვანია უნაღდო ანგარიშსწორების წილის ზრდა და რიგ შემთხვევაში სახეზეა გადადებული მოთხოვნის ეფექტი. საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე გაყიდვების ეტაპობრივი ნორმალიზაცია შეიმჩნევა, რასაც სახელმწიფო მხარდაჭერის გეგმის ამოქმედება მნიშვნელოვნად დააჩქარებს. სასტუმროების სექტორში ჯავშნების დინამიკა მზარდია, ძირითადად შიდა ტურიზმის ხარჯზე, თუმცა, საზღვრების გახსნის გადადების ფონზე, სექტორის მოლოდინები 2020 წლისთვის რამდენადმე გაუარესებულია,“-აღნიშნულია კვლევაში.

თაია არდოტელი