„ევროპული საქართველოს" წევრის გიორგი კანდელაკის განცხადებით, ევროკავშირის მიერ იმ ქვეყნების სიის გამოქვეყნებამდე, რომელთაც საზღვარს უხსნის, საქართველოს მთავრობის მიერ ერთი დღით ადრე მიღებული გადაწყვეტილება რეგულარული ფრენების გაუქმების შესახებ, ლოგიკას არის მოკლებული.
კანდელაკი მიიჩნევს, რომ მთავრობამ ამაზე განმარტება უნდა გააკეთოს.
„დღეს ევროკავშირმა უნდა გამოაქვეყნოს იმ ქვეყნების სია, რომელთა მოქალაქეებსაც იგი უხსნის საზღვრებს პირველი ივლისიდან. გუშინ „ევრონიუსმა“ და სააგენტო „როიტერსმა“ გამოაქვეყნეს მათ მიერ მოპოვებული ეგზემპლარი, რომელშიც საქართველო ფიგურირებს. ამ ფონზე სიის ოფიციალურ გამოქვეყნებამდე ერთი დღით ადრე საქართველოს მთავრობის მიერ ყველა რეგულარული ფრენის გაუქმება ერთი თვის ვადით, ჩვენი აზრით არის როგორც მინიმუმ გაუგებარი, რადგან ძალიან ბევრი ადამიანი, ბიზნესი სულმოუთქმელად ელოდა ფრენების გახსნას.
ეს გადაწყვეტილება ნიშნავს ეკონომიკის გაწირვას, ბევრი ადამიანის შემოსავლის გარეშე დატოვებას. ამასთან, ფრენების გაუქმება ეხება ევროკავშირის ყველა ქვეყანას, მათ შორის, იმ ქვეყნებსაც, სადაც კარგი ეპიდსიტუაციაა, ბალტიის ქვეყნებს მაგალითად, პოლონეთს. ასე რომ, საქართველოს მთავრობის ეს გადაწყვეტილება არის როგორც მინიმუმ გაუგებარი და აუცილებლად უნდა გაკეთდეს განმარტება, რა ლოგიკაა იმაში, რომ ვიდრე ევროკავშირი გამოაქვეყნებს თავის სიას, ჩვენ ევროკავშირს ვეუბნებით, რომ არც ისე ძალიან გვინდა ამ სიაში ყოფნა,"- განაცხადა კანდელაკმა.