ექსპორტზე მეტად, ღვინის ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაცია შემცირდა.
ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ღვინის მწარმოებლები აცხადებენ. მათი თქმით, „კოვიდ19-ის“ გამო, სარესტორნე და სასტუმრო ბიზნესი გაჩერდა, რამაც გაყიდვების ვარდნა გამოიწვია.
თუმცა, როგორც მეღვინეები ამბობენ, პროგნოზები დამაიმედებელია, შესაბამისად, ამ ეტაპზე წარმოების შემცირება არ იგეგმება.
ცნობისთვის, საქართველოდან ყურძნის ნატურალური ღვინის ექსპორტი 11,3%-ით შემცირდა. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წლის იანვარ-მაისში ქვეყნიდან 23,742 ტონა ღვინო გავიდა, ჯამში 73,249 მლნ დოლარის ღირებულების. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი საქართველომ უცხოეთში 82,613 მლნ დოლარის ღირებულების 26 189 ტონა ღვინო გაყიდა.
საქსტატის მონაცემებით, საქართველომ წელს ღვინო 50 ქვეყანაში გაყიდა. ქართული ღვინო ყველაზე დიდი რაოდენობით რუსეთში გავიდა. წელს რუსულ ბაზარზე ღვინის მთლიანი ექსპორტის 61,5% მოვიდა.
„თელავის ღვინის მარანის“ დამფუძნებელი ზურაბ რამაზაშვილი: „პანდემიამ გავლენა იქონია ღვინის რეალიზაციაზე. ექსპორტზე მეტად, შიდა გაყიდვებზე აისახა ნეგატიურად. მე შემიძლია საერთო გაყიდვების მაჩევენებელი გითხრათ ჯამურად, 10 %-ით არის შემცირებული, გასულ წელთან შედარებით.
ამის მიზეზია, მოთხოვნის შემცირება, რაც პირდაპირ რეალიზაციაზე მოქმედებს. „კოვიდის“ გამო გარკვეული სექტორები საერთოდ გამოეთიშა, კერძოდ, სარესტორნე და სასტუმრო ბიზნესი, რამაც გაყიდვების ვარდნა გამოიწვია. რაც შეეხება სუპერმარკეტებს და ღვინის მაღაზიებს, აქ შეიძლება ოდნავ მატებაც კი იყო“,-აცხადებს ზურაბ რამაზაშვილი.
მისივე ინფორმაციით, „თელავის ღვინის მარანი“ მსოფლიოს 32 ქვეყანაში ახორციელებს ექსპორტს, შესაბამისად, კომპანია წარმოების შემცირებას არ აპირებს.
„ჩვენი საექსპორტო ბაზრებია: პოსტ საბჭოთა ქვეყნები, აღმოსავლეთ ევროპა, ჩინეთი, აშშ, ინგლისი და ა.შ. ჯამში 32 ქვეყანაში ვახორციელებთ ექსპორტს. შესაბამისად, წარმოების შემცირებას ნამდვილად არ ვაპირებთ. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მსოფლიო დაძლევს „კოვიდს“ და ძალიან მალე დავუბრუნდებით ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმს.
რაც შეეხება წლევანდელ რთველს, მოლოდინები არის ოპტიმისტური, რადგან ყურძნის მოსავლიანობა კარგი ჩანს, ისევე როგორც ხარისხსი, ვიზუალურად. თუმცა, საბოლოო მაჩვენებელი იქნება უშუალოდ დაკრეფის წინ და შემდეგ, თუ როგორი ხარისხის ღვინო დადგება. ასე რომ, ვენახას ამ ეტაპზე არ უჭირს, ვნახოთ, რა იქნება“, -ამბობს ზურაბ რამაზაშვილი.
შიდა გაყიდების შემცირებაზე საუბრობს „თბილ ღვინოს“ გენერალური დირექტორი ზურაბ მარგველაშვილიც. თუმცა, როგორც ის „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, საექსპორტო ბაზრების მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, წარმოების არა თუ შემცირება, ზრდაც კი იგეგმება.
„ადგილობრივ ბაზარზე გაყიდვები შემცირებული გვაქვს მნიშვნელოვნად, საზღვარგარეთ - არა. მეტიც, ექსპორტის მიმართულებით წელს, შარშანდელთან შედარებით, გაზრდილი გეგმაც კი გვქონდა, რომელიც პრაქტიკულად შევასრულეთ. თუმცა, კონკრეტული ციფრების ზეპირად დასახელება გამიჭირდება.
ჩვენი ძირითადი საექსპორტო ბაზრებია: ევროკავშირის ქვეყნები, უკრაინა, რუსეთი, ბელარუსი, ყაზახეთი და ა.შ. დაახლოებით, 30 ქვეყანაა, სადაც ჩვენ სისტემატიურად ვახორციელებთ ექსპორტს.
რაც შეეხება რთველს, კახეთის ყვარლის ქარხანაში სამზადისი ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს. უკვე გვაქვს გარკვეული გათვლები, რა რაოდენობის ყურძენი უნდა ვიყიდოთ მოსახლეობისგან, თუმცა ეს უფრო დამოკიდებულია საკუთარ ვენახებზე, რამდენი და რა ხარისხის მოსავალი იქნება. წელს წარმოების შემცირებას ნამდვილად არ ვაპირებთ. ალბათ, მომავალი წლის გეგმა კი წლევანდელზე მეტი გვექნება“,-აცხადებს ზურაბ მარგველაშვილი.