ეკონომიკა რჩება ჩვენი ქვეყნის უმთავრეს პრიორიტეტად. როგორც კი ჩვენ ვამბობთ, რომ ქვეყნის უსაფრთხოება, მართლწესრიგი, შიდა უსაფრთხოება არის გარანტირებული, ჩვენ რა თქმა უნდა, გვაქვს შესაძლებლობა, რომ ვისაუბროთ ეკონომიკის განვითარებაზე. საბოლოო ჯამში, ეს დადის თითოეულ მოქალაქემდე და სიღარიბის დაძლევამდე,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
გიორგი გახარიას თქმით, საქართველოს ეკონომიკის ფუნდამენტი და ხერხემალი არის ძლიერი კერძო სექტორი, თავისუფალი კერძო სექტორი, რომელიც ქმნის ახალ დამატებით სამუშაო ადგილებს, რაც არის ერთადერთი ინსტრუმენტი სიღარიბის დასაძლევად. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ეკონომიკური პოლიტიკა არ ნიშნავს მხოლოდ გადასახადების შემცირებას. მისი თქმით, ეკონომიკური პოლიტიკის ყველაზე განმსაზღვრელი კომპონენტი არის მაკროეკონომიკური სტაბილურობა. „შეუძლებელია ეკონომიკის განვითარებაზე საუბარი, თუ ქვეყანაში არ არის სიმშვიდე და სტაბილურობა. შეუძლებელია ეკონომიკის განვითარებაზე ვისაუბროთ, თუ ქვეყანაში არ არის მაკროეკონომიკური სტაბილურობა. მაკროეკონომიკური სტაბილურობა არის ფუნდამენტი, რომელზეც შემდგომ ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ ბიზნესის და სხვა სფეროების განვითარებაზე,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერმა ეკონომიკურ მაჩვენებლებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2019 წელი ამ თვალსაზრისით ერთ-ერთი საუკეთესო იყო.
„2019 წელი ამ თვალსაზრისით იყო ერთ-ერთი საუკეთესო წელი. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი იყო ყველაზე დაბალი და ეს არის ქართული ეკონომიკის სტრუქტურული პრობლემა, რომელიც არ არის დაძლეული. მაგრამ აქ იყო შესაბამისი შედეგები და პროგრესი მიღწეული, ისევე როგორც ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 2019 წელს იყო 5.1%, პროგნოზზე უფრო მეტი. აქვე მინდა აღვნიშნო მაკროეკონომიკური სტაბილურობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი არის ფისკალური პარამეტრების მნიშვნელოვანი გაუმჯობესება და ფისკალური კონსოლიდაციის ეფექტურობა, რაც ასევე იყო კრიტიკულად მნიშვნელოვანი 2019 წელს. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, ნაერთი ბიუჯეტის მიმდინარე ხარჯები მშპ-თან მიმართებაში შემცირდა 21%-მდე, აქედან შრომის ანაზღაურებაზე მიმართული ხარჯები შემცირდა 3.6 %-მდე. საინვესტიციო და ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის, იმიტომ რომ, ფისკალური კონსოლიდაცია იყო ეფექტური, ჩვენ შევძელით ხარჯები გაგვეზარდა 8.4 %-მდე. 2019 წლის ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი იყო 2.7 % და მთავრობის ვალის ზღვრული მაჩვენებელი იყო 39.8%. შესაბამისად, სწორედ ამ მაკროეკონომიკური მაჩვენებლების სიმყარემ მისცა შესაძლებლობა საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოებს, FITCH-ს და S&P-ს, გაეზარდათ საქართველოს რეიტინგი BB სტაბილურამდე, თუმცა, ცხადია, ობიექტურად უნდა ვისაუბროთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ ეკონომიკური და მაკროეკონომიკური მაჩვენებლებით 2019 წელი დაასრულა და 2020 წელში შევიდა საკმაოდ მყარად, რა თქმა უნდა, გლობალურმა პანდემიამ, და შემდგომმა გლობალურმა ეკონომიკურმა კრიზისმა, ეს ყველაფერი დააყენა კითხვის ნიშნის ქვეშ და საერთოდ, ქვეყანა დააყენა ახალი გამოწვევების წინაშე. ამიტომ ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ გარკვეულ პროგრესზე, მიღწევებსა და შედეგებზე, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ სასტარტო პირობები და ის, სადაც დღეს ვართ, არის აბსოლუტურად სხვადასხვა“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.