ქველმოქმედებაზე დახარჯული 30 000 ლარი - რა ქონებას ფლობს ქვეყნის მთავარი ინფექციონისტი

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ქონებრივი დეკლარაცია 2020 წლის მაისში შეავსო. დოკუმენტის მიხედვით, ამირან გამყრელიძემ აღნიშნულ პოსტზე მუშაობისას ერთ წელიწადში ხელფასის სახით 87 563 ლარი მიიღო. ქველმოქმედებაზე კი 30 000 ლარი დახარჯა.

ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ამირან გამყრელიძის სახელზეა მხოლოდ ერთი ბინა თბილისში. კერძოდ, 1973 წელს მემკვიდრეობით გადაცემული სახლი, რომლის ფართობი 40 კვ.მ-ია.

რაც შეეხება მისი ოჯახის წევრების ქონებას, ამირან გამყრელიძის მეუღლეს, 2017 წელს მემკვიდრეობით გადაეცა საცხოვრებელი ფართის 50%. საუბარია, თბილისში მდებარე 20, 350 კვ.მ ბინაზე. ასევე, მის საკუთრებაშია 1989 წელს შეძენილი, 1000 კვ.მ მიწის ნაკვეთი თბილისში, რომლის ღირებულებაც დეკლარაციაში არ არის მითითებული. გარდა ამისა, ამირან გამყრელიძის მეუღლე ფლობს 1974 წელს ჩუქების ხელშეკულებით გადაცემულ, 102, 75 კვ.მ ბინას თბილისში და 1990 წელს 15000 მანეთად შეძენილ, 200 კვ.მ ფართობის აგარაკს კვესეთში.

დეკლარაციის მიხედვით, ამირან გამყრელიძეს ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრში სამეცნიერო მრჩეველის პოსტზე, 2019 წლის 1-ლი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, ხელფასის სახით აღებული აქვს - 28 800 ლარი.

ამავე პერიოდში: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ასოცირებული პროფესორის სტატუსით - 50 747 ლარი;

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის პენსია - 8 492 აშშ დოლარი;

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში გენერალური დირექტორის პოსტზე - 87 563 ლარი.

ამავე დოკუმენტის თანახმად, ამირან გამყრელიძემ ქველმოქმედებაში შარშან 30 000 ლარი დახარჯა, 10 000 ლარით მეტი, ვიდრე 2018 წელს.

გარდა ამისა, შარშან გამყრელიძემ შვილიშვილების საპენსიო ანაბრებზე 3 600 დოლარი შეიტანა.

რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს, დეკლარაციის შევსების მომენტში, ამირან გამყრელიძე ფლობდა:

„ბაზის ბანკის“ სახელფასოზე - 2095,27 ლარს;

,,თი-ბი-სი ბანკის“ ანაბარზე - 17579,58 აშშ დოლარს, სახელფასოზე - 11 702,67. ამასთან, ,,საქართველოს ბანკის“ ანაბარზე - 20 000 აშშ დოლარს, სახელფასოზე - 6 449,45 ლარს, მიმდინარეზე - 3 093,9 აშშ დოლარს;

ნაღდი ფულადი თანხის სახით ამირან გამყრელიძე ფლობდა 15 000 ლარს.