ჩვენ ვიცით, რომ პანდემიიდან გამომდინარე, ტურიზმთან დაკავშირებულ სექტორებს, მათ შორის, ღვინის სექტორს, გაყიდვებთან დაკავშირებით გარკვეული სირთულეები აქვს, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ის ადგილები, რომლებსაც პირდაპირ, მიეწოდებოდათ პროდუქტი, პანდემიიდან გამომდინარე, ფაქტობრივად დაკეტილი იყო როგორც ევროპის წამყვან ქვეყნებში, ისე ჩვენ სამეზობლოში და ეს ფაქტორი აისახა ღვინის გაყიდვებზეც.
„ჩვენ გვქონდა არაერთი შეხვედრა ღვინის კომპანიების წარმომადგენლებთან, მეწარმეებთან, მევენახეებთან. ჩვენ ვიცით, რომ პანდემიიდან გამომდინარე, ტურიზმთან დაკავშირებულ სექტორებს, მათ შორის, ღვინის სექტორს, გაყიდვებთან დაკავშირებით გარკვეული სირთულეები აქვს. საექსპორტო გაყიდვები ზოგიერთ ბაზარზე შემცირებულია. ჰორეკას სექტორი - სასტუმროები, რესტორნები, კაფეები, სადაც პირდაპირ, უშუალოდ მიეწოდება პროდუქტი, პანდემიიდან გამომდინარე, ფაქტობრივად დაკეტილი იყო როგორც ევროპის წამყვან ქვეყნებში, ისე ჩვენ სამეზობლოში. ეს ფაქტორი აისახა ღვინის გაყიდვებზე. ჩვენი გაყიდვები, წინა წლის რეკორდულ მაჩვენებელთან შედარებით, დაახლოებით 10-15%-ით შემცირდა“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა აღნიშნული კომენტარი პარლამენტში გააკეთა, სადაც საქართველოს პრემიერ- მინისტრი გიორგი გახარია მთავრობის საქმიანობის 2019-2020 წლის ანგარიშს წარადგენს.