ადგილობრივ ბაზარზე შესაძლოა, შავი და მექსიკური თეთრი სიმინდი გამოჩნდეს. ამ ეტაპზე პროდუქტები „ლოლაძეების ფერმაში“ ტექნოლოგიური ზრდის პროცესშია და მისი სამომავლო წარმოების საკითხი შემოდგომაზე გადაწყდება.
როგორც ეგზოტიკური ხილ-ბოსტნეულის მწარმოებელი ლაშა ლოლაძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, შავი და მექსიკური თეთრი სიმინდი ბუნებრივად მოყვანილი ჯიშებია, რომელსაც ჰიბრიდიზაცია არ განუცდია. ამასთან, მას დაფქვა არ სჭირდება და ცომის კონსისტენცია მარცვლის დამუშავებით მიიღება.
„ამჟამად ტექნოლოგიური ზრდის პროცესში გვაქვს შავი სიმინდი და მექსიკური თეთრი სიმინდი. ამ ეტაპზე დაკვირვების პროცესში ვართ. შემოდგომაზე ვნახავთ როგორ შეეგუება საქართველოს პირობებს და შემდეგ უკვე ფართო წარმოების საკითხს გადავწყვეტთ. ზოგადად, ამ პრინციპით ვმუშაობთ, შემოგვაქვს ეგზოტიკური პროდუქტები, მოგვყავს, ვაკვირდებით ბაზარი როგორ მიიღებს და მოთხოვნის შესაბამისად ვიწყებთ მის წარმოებას.
შავი სიმინდი ძალიან პოპულარული გახდა ბოლო წლებში. სინამდვილეში, ის არის პირველადი სიმინდი, შემდეგ განიცადა ჰიბრიდიზაცია. ეს იყო ბუნებრივად მოყვანილი ჯიში. აქვს უფრო მეტი წებოვნება. დაახლოებით იგივეა მექსიკური თეთრი სიმინდიც, ჰიბრიდიზაცია არც მას განუცდია. მოცულობით შედარებით პატარა მარცვლები აქვს.
პროდუქტები გამოიყენება ცომის სახით. მას დაფქვა არ სჭირდება, როგორც მოგახსენეთ, წებოვნება მეტი აქვს და მარცვლის დამუშავებით მიიღება ცომის კონსისტენცია. გვინდა, რომ პურის საწარმოებლად ვსინჯოთ“,-ამბობს ლაშა ლოლაძე.
აღსანიშნავია, რომ შავი და მექსიკური თეთრი სიმინდი არ იქნება პირველი ეგზოტიკური პროდუქტები, რომელსაც „ლოლაძეების ფერმა“ მოიყვანს. ეს არის საოჯახო, მამისა და ორი შვილის ბიზნესი, რომლებიც მინი კივსა და კივანოს უკვე აწარმოებენ.