"გარწმუნებთ, ევროკავშირი უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეგვიყვანს, უკვე უმსხვილეს ავიაკომპანიებთან მოლაპარაკებები გვაქვს და პირველი რიცხვიდან ბევრი დედაქალაქის მიმართულებით რეისები გაიხსნება"

გარწმუნებთ, ევროკავშირი უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეგვიყვანს, უკვე ევროკავშირის უმსხვილეს ავიაკომპანიებთან მოლაპარაკებები გვაქვს და პირველი რიცხვიდან ბევრი დედაქალაქის მიმართულებით რეისები გაიხსნება, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ რეგულარული საერთაშორისო ფრენების აღდგენის გადავადების შესახებ დასმულ კითხვას.

პრემიერის განმარტებით, ამ გადაწყვეტილების მიზანი და მიზეზი პირველ რიგში იყო მოქალაქეზე ზრუნვა, ისე რომ ქვეყნის რეპუტაცია არ დავანგრიოთ.

„ევროკავშირი, მიუხედავად იმისა, რომ გუშინ ზოგიერთებს ჟრიამული ჰქონდათ, საქართველო იძახის პანდემიას გავუმკლავდიო და უსაფრთხო ქვეყნების სიაში არ შეიყვანენო, შეგვიყვანენ, გარწმუნებთ. საქართველოში ფრენები ხორციელდება არა მხოლოდ ევროკავშირიდან. გარწმუნებთ, უკვე ევროკავშირის უმსხვილეს ავიაკომპანიებთან მოლაპარაკებები გვაქვს და პირველი რიცხვიდან ბევრი დედაქალაქის მიმართულებით რეისები გაიხსნება. ეს მართვის კუთხით უფრო მარტივია, რომ კონკრეტულ ავიაკომპანიას, კონკრეტულ მწვანე ზონებში რეისები დავნიშნოთ. თქვენ თუ გგონიათ, რომ ვიღაც გაგვიბრაზდება რეისების გადავადების გამო, ეს ჩვენ ყველასთან შეთანხმებული გვაქვს, თქვენ რომ არ შეგითანხმეთ მაგაზე ნუ ღელავთ, არავინ არ დაზარალდება. გერმანიასთანაც იქნება რეისები, ამსტერდამთანაც, როცა საჭირო იქნება მაშინ,“ - მიმართა გახარიამ „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებს.