წლების განმავლობაში პირველად, ზუგდიდს სასმელი წყალი 24-საათიანი რეჟიმით მიეწოდება , - ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა პარლამენტში განაცხადა.
“ფოთის წყალარინების სისტემის მოწყობისთვის ჩვენ დავიქირავეთ იურიდიული კომპანია, რომ გვეწარმოებინა დავა იმ კონტრაქტორთან, რომელიც ნამდვილად არ ასრულებს თავის მოვალეობას და სამუშაოებს ისე, როგორც ეს უნდა გაეკეთებინა. თქვენ რომ რეალურად გაინტერესებდეთ ფოთი მოსახლეობის ინტერესები, ამ შემთხვევაში თქვენ ამ გადაწყვეტილებას მოგვიწონებდით, რადგანაც ეს გადაწყვეტილება ჩვენ საშუალებას მოგვცემს იურიდიულად გადაწყდეს პრობლემები”, - მიმართა ცქიტიშვილმა დეპუტატ ლელა ქებურიას.
ცქიტიშვილის თქმით, იმისათვის, რომ ფოთის მოსახლეობას დისკომფორტი მოეხსნას, ქალაქის 8 ქუჩაზე მიმდინარეობს გზების სარეაბილიტაციო სამუშაო, რაც 11 მილიონი ლარის ინვესტიციით დაფინანსდება.
ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზუგდიდის წყალმომარაგებასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ წლების განმავლობაში პირველად, ქალაქის მოსახლეობას სასმელი წყალი უკვე 24-საათიანი რეჟიმით მიეწოდება, თუმცა კონტრაქტის გაჭიანურების გამო პროექტის განხორციელებას განსაზღვრულზე მეტი დრო დასჭირდა და ამ დროისთვის დაზიანებული გზების რეაბილიტაციაც მიმდინარეობს.
„სამწუხაროდ წყალგაყვანილობის პროექტები გზის დაზიანების გარეშე ვერ ხორციელდება. შარშან დაიწყო გზების რეაბილიტაცია, წელს მთლიანობაში 46 ქუჩის რეაბილიტაციაა დაგეგმილი. ამ პროექტების ძალიან დიდი ნაწილი იქ უკვე ხორციელდება, ნაწილზე კი მიმდინარეობს სატენდერო პროცედურები“,- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
ზუგდიდის წყალმომარაგებასთან დაკავშირებით ასევე ისაუბრა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და აღნიშნა, რომ ქალაქის გზების რეაბილიტაციის და წყალმომარაგების პრობლემები წლის ბოლომდე მოგვარდება.