სამგორის რაიონში, ვარკეთილის ხევში ახალი რეკრეაციული სივრცე მოეწყობა. პარკის ტერიტორია, რომელიც დაახლოებით, სამ ჰექტარს მოიცავს, პასიურ და აქტიურ დასვენების ზონებად დაიყოფა.
ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, სრული პროექტი დაახლოებით, ერთ თვეში გვექნება და უშუალოდ სამუშაოების განხორციელებას დავიწყებთ.
არსებული გეგმით, პარკი პასიურ და აქტიურ დასვენების ზონად დაიყოფა. ტერიტორიაზე საჩრდილობლებით მოსასვენებელი სივრცეები, დატვირთული ატრაქციონებით საბავშვო მოედნები, ასევე, სპორტული და სავარჯიშო მოედნები, ღია ამფითეატრი, შადრევანი, ველობილიკი, ძაღლების სასეირნო და სავარჯიშო სივრცე, სკეიტპარკი და გადმოსახედი ბაქანი მოეწყობა.
პროექტის ფარგლებში, განახლდება არსებული საფეხმავლო ხიდიც, პარკის ტერიტორია შეივსება ახალი ხე-მცენარეებით და გაჩნდება საპიკნიკე არეალები.