ბინები საქართველოში მაისში კიდევ გაიაფდა - ფასი დოლარში 3.5%-ით შემცირდა

ნეგატიური ეფექტი დიდია უძრავი ქონების, გართობა/ხელოვნების, მშენებლობის, პროფესული და სხვა მომსახურებების სფეროებში. ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ კვლევაშია აღნიშნული.

სებ-ის ინდექსის მიხედვით, 2020 წლის თებერვალთან შედარებით, მაისში ბინების ფასი დოლარში 3.5%-ით შემცირდა. ამასთან, კვლევის თანახმად, მკვეთრ კლებას განაგრძობს ქირის ფასი დოლარში, რომელიც, 2020 წლის თებერვალთან შედარებით, მაისში 12%-ით იყო შემცირებული.

„ქირის ღირებულება ბინის გასაყიდი ფასის ცვლილების წინმსწრები ინდიკატორია, რაც ბინების ფასების კლების გაგრძელების მოლოდინს ქმნის. შედეგად, ქირის შემოსავლიანობა კლებულობს - თებერვალში 8.7%; აპრილში 8.1%; ხოლო მაისში 8.0% შეადგინა და ამჟამად მცირედით ჩამოსცდება მის გრძელვადიან ტრენდს (8.3%).

18 ივნისის მდგომარეობით, თბილისში გაყიდული ბინების 7 დღის საშუალო მაჩვენებლის წლიურმა კლებამ -41% შეადგინა. იანვარ-თებერვალთან შედარებით კლება -22%-ს შეადგენს. ამ ეტაპზე გაუმჯობესება ნელი ტემპით მიმდინარეობს, რაც შესაძლოა მთავრობის მიერ დეველოპმენტის სექტორის მხარდაჭერის ღონისძიებების ამოქმედების მოლოდინს უკავშირდებოდეს. ეკონომიკის ეტაპობრივმა გახსნამ და მთავრობის მხარდაჭერის ღონისძებებმა მოსალოდნელია ტენდენცია გააუმჯობესოს,“- ვკითხულობთ კვლევაში.

თაია არდოტელი