ფიტნეს დარბაზებისთვის რეგულაციების სამუშაო ვერსია მომზადდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, სექტორის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა რამდენიმე დღის წინ გაიმართა.
როგორც ფიტნეს დარბაზების წარმომადგენლები რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ აცხადებენ, გარკვეულ მოთხოვნებზე სექტორისა და ხელისულების წარმომადგენლებს შორის შეთანხმება შედგა, თუმცა, არის გარკვეული პუნქტები, რომელზეც შეთანხმება ამ ეტაპზე მიღწეული არ არის.
კერძოდ, ერთ-ერთი პუნქტი, რომელიც განსაკურებით მნიშვნელოვანია სექტორისთვის, და რომლის შეცვლასაც ითხოვენ, არის კლუბში დასაშვები ადამიანების რაოდენობა. სამუშაო ვერსიის თანახმად, 8 კვ. მეტრზე მხოლოდ ერთი ადამიანის დაშვება იქნება შესაძლებელი, თუმცა, სექტორის წარმომადგენლების თქმით, კრიტიკულად ამცირებს კლუბის შემოსავლებს.
„არის პუნქტები, რომელიც გვინდოდა გადაეხედა მთავრობას. ერთ-ერთი ეს პუნქტია - 8 კვ. მეტრზე მხოლოდ ერთი ადამიანის დაშვების მოთხოვნა, ასევე სატრენაჟორო მოწყობილობებს შორის 2 მეტრიანი დისტანციის შემცირება ვითხოვეთ 1.5 მეტრამდე. შეიძლება ითქვას, რომ შექმნილი ვითარების გამო, მთლიანად იცვლება ფორმატი, მათ შორის ჯგუფური ვარჯიშების შემთხვევაშიც. კერძოდ, იქნება ლიმიტი ადამიანთა რაოდენობაზე, ასევე შემცირდება ხანგრძლივობა, მაგალითად, თუ ჯგუფური ვარჯიშები 1 საათს გრძელდებოდა, ახლა იქნება მაგალითად ნახევარ საათიანი. ჩვენი მხრივ, მზად ვართ შევჯერდეთ ხელისუფლებასა და ეპიდემიოლეგებთან და ველოდებით ისეთ დოკუმენტს, რომელიც საშუალებას მოგვცემს გავხსნათ დარბაზები და მუშაობა განვაახლოთ,“-განაცხადა World Class Georgia-ს მარკეტინგის და გაყიდვების დირექტორმა ნინი ხუროძემ.