ბიზნესის მხრიდან Facebook-ში რეკლამებზე უარის გამო მარკ ცუკერბერგმა 7.2 მილიარდი დოლარი დაკარგა

კომპანია Facebook-ის დამაარსებელმა და მსოფლიოს ერთ-ერთმა უმდიდრესმა ადამიანმა მარკ ცუკერბერგმა 7.2 მილიარდი დოლარი დაკარგა მას შემდეგ, რაც რამდენიმე მსხვილმა კომპანიამ გადაწყვიტა Facebook-ის რეკლამებისთვის ბოიკოტი გამოეცხადებინა.

ბოლო თვეების განმავლობაში საფონდო ბირჟებზე Facebook-ის აქციების ფასი მკვეთრად დაეცა, რისი მიზეზიც ისეთი მსხვილი კომპანიების მხრიდან - როგორებიცაა Unilever, Verizon Communications Inc, Hershey Co და ათობით სხვა, Facebook-ზე რეკლამების განთავსებაზე უარის თქმა გახდა.

აღსანიშნავია, რომ კომპანიების მიერ რეკლამებზე უარის თქმამ, Facebook-ის საბაზრო ფასი 7.2 მილიარდით შეამცირა და ბოლო მონაცემებით, ის 56 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. რაც შეეხება თავად ცუკერბერგის ქონებას Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსის მიხედვით, ის 82.3 მილიარდამდე დაეცა.

შედეგად მილიარდერთა რეიტინგში ცუკერბერგი ჯეფ ბეზოსის, ბილ გეითსისა და ბერნარდ არნოს შემდეგ მე-4 პოზიციას იკავებს.

Bloomberg-ის ინფორმაციით, კომპანიების მიერ რეკლამებზე უარის თქმის მიზეზი Facebook-ის მხრიდან არსებულ პრობლემებზე არასათანადო რეაგირება გახდა. მათი თქმით, კომპანიამ ვერ აღკვეთა სოციალურ ქსელში დეზინფორმაციის გავრცელების გახშირებული შემთხვევები. ამასთან, კომპანიამ განაცხადა, რომ ის რეკლამები, რომლებიც სიძულვილის ენას შეიცავენ ან საზოგადოების ამა თუ იმ ჯგუფისთვის მიუღებელია, საიტზე არ განთავსდება.

ბექა ბერიაშვილი