ირანში 5 ივლისიდან საზოგადოებრივ ადგილებში პირბადის ტარება სავალდებულო გახდება

5 ივლისიდან, ორი კვირის განმავლობაში, საზოგადოებრივ ადგილებში პირბადის ტარება სავალდებულო იქნება, - ირანული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ჰასან რუჰანიმ განაცხადა.

მისივე თქმით, შესაძლოა, შეზღუდვა ძალაში 1 თვის განმავლობაშიც დარჩეს და ისინი, ვინც კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებულ რეგულაციებს არ შეასრულებენ, დაჯარიმდებიან.

ცნობისათვის, ირანში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 19 თებერვალს დადასტურდა. ქვეყნის ხელისუფლებამ შეზღუდვები თებერვლის ბოლოს დააწესა, აპრილიდან კი მათი შემსუბუქება დაიწყო.

ბოლო მონაცემებით, ირანში კორონავირუსის 222 669 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან დაღუპულია 10 508 და გამოჯანმრთელებულია 183 310 ადამიანი.