საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, თბილისსა და რეგიონებში 7-8 კომპანია მოლაპარაკებების სტადიაზეა და წლის ბოლომდე გაზის გამანაწილებელ კომპანიებს ხელახალი ლიცენზიის აღება მოუწევთ. როგორც დავით ნარმანიამ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე სემეკის 2019 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, ლიცენზირების პროცესიდან გამომდინარე, ბუნებრივად დარეგულირდება საკითხი, რომ ერთ არეალში გაზის გამანაწილებელი ერთი კომპანია ოპერირებდეს.
მისივე თქმით, ტარიფიც გათანაბრდება და მომსახურების ხარისხიც გაუმჯობესდება. „ჩვენი პოზიციაც იგივეა, რომ ერთ არეალში ერთი გამანაწილებელი კომპანია უნდა იყოს. ახლა პროცესი მიმდინარეობს და წლის ბოლომდე გაზის კომპანიებს მოუწევთ ხელახალი ლიცენზიის აღება და ვვარაუდობთ, რომ წლის ბოლომდე ბუნებრივად გადალაგდება ეს პროცესი, რადგან მცირე კომპანიებმა იციან, რომ შეიძლება ახალი წესების მიხედვით ლიცენზირების პროცესი ვერ გაიარონ, მათ ერთი კუბური მეტრი გაზის მიწოდება მეტი უჯდებათ, ვიდრე დიდ კომპანიებს, ამიტომ ცდილობენ თავისი აქტივები მიყიდონ ან იჯარით გადასცენ სხვა გამანაწილებლებს. მაგალითად, დიდ დიღომში სამი გაზის გამანაწილებელი კომპანიაა, „თბილისი ენერჯი“, შპს „დიდი დიღომი“ და „ჩირაღდანი 21“, ერთ ქუჩაზე ერთი ტარიფია, მეორე ქუჩაზე - მეორე, ვერ იგებს ხალხი რატომაა ეს სხვაობა. ეს სხვაობა იმიტომაა, რომ თითოეულ კომპანიას განსხვავებული დანახარჯები აქვს გაზის მომხმარებლამდე მიტანასთან დაკავშრებით“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.