სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ 2017 წელს 5 პროექტისათვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი 28 444 310 ლარი, საერთოდ ვერ აითვისა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ 2017 წელს 5 პროექტისათვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი 28 444 310 ლარი საერთოდ ვერ აითვისა. ხოლო აზიის განვითარების ბანკიდან სესხით დაფინანსებული პროექტების აუთვისებელ თანხაზე საურავის სახით 2.2 მილიონ ლარზე მეტი დაერიცხა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეისწავლა შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ 2017-2018 წლებში განხორციელებული საქმიანობა. აუდიტის სამსახური წყალმომარაგების კომპანიის მხრიდან, როგორც საბიუჯეტო, ასევე სესხით აღებული თანხების დაბალ ათვისებაზე მიუთითებს. კერძოდ, აუდიტის დასკვნაში აღნიშნულია, რომ „რეგიონებში ინფრასტრუქტურული პროექტების მხარდაჭერის ღონისძიებების“ ქვეპროგრამის ფარგლებში, ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები კომპანიამ სრულად ვერ აითვისა. 2017 და 2018 წლების ბოლოსთვის აუთვისებელი თანხების ჯამმა 14 243 474 ლარი შეადგინა. ამასთან, 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, აზიის განვითარების ბანკთან გაფორმებული 6 სასესხო ხელშეკრულებით დამტკიცებული 477 533,244 აშშ დოლარის რესურსიდან ათვისებულია მხოლოდ 45% ( 217 173 863 აშშ დოლარი).

„პროექტების განხორციელების ვადების გახანგრძლივების შედეგად, ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად გამოყოფილი საკრედიტო რესურსების შემცირების ხარჯზე, პროექტებს პროცენტის სახით დამატებით დაერიცხება, სულ მცირე − 7,446,152 ლარი. ზოგიერთ პროექტს, 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, სესხის აუთვისებლობის საურავის სახით დაერიცხა 2,203,543 ლარი,”-ნათქვამია აუდიტის ანგარიშში.

აუდიტის ანგარიშში ასევე საუბარია, სასმელი წყლის ხარისხის კონტროლის ხარვეზებზეც. აუდიტის სამსახური მიუთითებს, რომ არ არის შემუშავებული სასმელი წყლის უსაფრთხოების გეგმები, რაც კომპანიას მისცემდა სასმელი წყლის ხარისხის შეფასების, სისტემის დაცვის და მიწოდების პროცესის სრულყოფილი კონტროლის შესაძლებლობას. ასევე, კომპანიის მიერ სასმელი წყლის კონტროლის და მონიტორინგის შედეგად მიღებული მონაცემების საფუძველზე არ არის შექმნილი ერთიანი ელექტრონული საინფორმაციო ბაზა და კომპანიის მიერ სასმელი წყლის ხარისხის კონტროლის პროცესი არ მიმდინარეობს რეგლამენტით გათვალისწინებული საკონტროლო მაჩვენებლების შესაბამისად.

ცნობისთვის, შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოა, რომელსაც მართავს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო. წესდების თანახმად, კომპანიის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: წყლის მოპოვება, მოსახლეობის და დაწესებულებების სასმელი და ტექნიკური წყლით მომარაგება, წყალგაყვანილობისა და კანალიზაციის სისტემების პროექტირება, მშენებლობა, შეკეთება და ექსპლოატაცია.