ყოფილი დეპუტატი ვანო ზარდიაშვილი საკუთარ ქონებრივ დეკლარაციასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.
ზარდიაშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ უძრავი ქონება იპოთეკური სესხით აქვს შეძენილი და 5 წლის განმავლობაში ყოველთვიურად გარკვეული ოდენობით თანხას იხდის. დეკლარაციაში აღნიშნულია და ზარდიაშვილიც აცხადებს, აღებული აქვს 110 000 დოლარის იპოთეკური სესხი, რაშიც 2019 წელს 11 847 დოლარი გადაიხადა. დეკლარაციის მიხედვით, მან იპოთეკური სესხი 2016 წელს აიღო 10-წლიანი ვადით.
ამასთან, „ბიზნესპრესნიუსზე“ გამოქვეყნებულ ტექსტში გაიპარა პატარა ტექნიკური შეცდომა - „მის საკუთრებაშია თბილისში 160 კვადრატული მეტრი ფართობის, 117 კვ. მეტრის და ოთხი 49 კვ.მეტრი ფართობის ბინა, რომელიც 2011-2013-2014 წლებში აქვს შეძენილი და ჯამში 235 000 დოლარი აქვს გადახდილი“. უნდა ყოფილიყო - „მის საკუთრებაშია ოთხი ბინა თბილისში - 160 კვადრატული მეტრი ფართობის, 117 კვ. მეტრის და 49/49 კვ. მეტრი ფართობის ბინები, რომლებიც 2011-2013-2014 წლებში აქვს შეძენილი და ჯამში 235 000 დოლარი აქვს გადახდილი“.
ყოფილი დეპუტატი განმარტავს, რომ მისი და მისი ოჯახის შემოსავალი მხოლოდ ხელფასი არ არის და ყოველწლიურად მას ამერიკაში მყოფი დედა გარკვეული ოდენობით თანხას უგზავნის. გასულ წელსაც გზავნილებმა ამერიკიდან 61 500 დოლარი შეადგინა.