მახუნცეთის ჩანჩქერი 57 მეტრი - აჭარაში ტურისტული პოტენციალის კვლევა გრძელდება

მახუნცეთის, მეძიბნას, წონიარისისა და მერისის ჩანჩქერები იმ 15-მდე ჩანჩქერს შორისაა, რომელთა შესწავლა-გაზომვაც ქედისა და ხელვაჩაურის ტურისტული პოტენციალის კვლევისას განხორციელდა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ კვლევის პროცესში 40-მდე სოფლის ტურისტული შესაძლებლობა შეისწავლა, რომლის დროსაც ტურისტებისა და ადგილობრივებისთვის ნაკლებად ცნობილი სალაშქრო ბილიკები, ჩანჩქერები თუ ტურისტული ღირსშესანიშნაობი შეფასდა. ორთვიანი კვლევისას მუნიციპალიტეტებში აგროტურიზმის, კულტურული ტურიზმის, სათავგადასავლო ტურიზმის, კანიონგის განვითარებისთვის საჭირო ტურისტული შესაძლებლობები გამოიკვეთა, რომლის საფუძველზეც სააგენტო ახალი ტურისტული მარშრუტების მარკირებასა და მარშრუტის რუკების მომზადებას გეგმავს.

ქედაში ტურისტული პოტენციალის კვლევის, მათ შორის ჩანჩქერების გაზომვის პროცესს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ლელა გოგუაძეც დაესწრო. მან ადგილობრივებთან, მოლაშქრეთა ფედერაციისა და ქედის მერიის წარმომადგენლებთან ერთად სოფელი მახუნცეთი და მერისის ხეობა მოინახულა.

„მნიშვნელოვანია, რომ ყველა დაინტერესებულ პირს ჰქონდეს სწორი მონაცემები აჭარაში არსებული ტურისტული ღირსშესანიშნაობების, მათ შორის ჩანჩქერების შესახებ. მაგალითად, დღემდე გიდებსა და ადგილობრივებს შორის სადაო გახლდათ მახუნცეთის ჩანჩქერის ზომა, რომელიც როგორც გაზომვისას დადგინდა, 57 მეტრია. კვლევის პროცესში ასევე, გამოვლინდა ნაკლებად ცნობილი, ტურისტულად მიმზიდველი ადგილები ორივე მუნიციპალიტეტში, მათ შორის სოფელი კაპნისთავი, ძეწმანის, წონიარისისა და მეძიბნას ჩანჩქერები, საპიკნიკე ადგილები მერისსა და სოფელ ბზუბზუში. კვლევაზე დაყრდნობით ჩვენ ვგეგმავთ ახალი ტურისტული მარშრუტების შექმნასა და მარკირებას, რაც სამომავლოდ ტურისტებს ქედისა და ხელვაჩაურის ცნობილი თუ უცნობი ტურისტული ადგილების აღმოჩენაში დაეხმარებათ,“ - აღნიშნა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა ლელა გოგუაძემ.