ჩინეთი აცხდებს, რომ სავიზო შეზღუდვებს დაუწესებს იმ ამერიკელებს, რომლებიც ჰონგ-კონგთან დაკავშირებულ საკითხებში „არასწორად ერევიან“. როგორც ტრადიციულ ბრიფინგზე ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ჩჟაო ლიცზიანიმ განაცხადა, ჰონგ-კონგთან დაკავშირებული ეროვნული უსაფრთხოების კანონი ჩინეთის შიდა საქმეა და მასში ჩარევის უფლება არავის აქვს.
„ჰონგ-კონგის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის ეროვნული უსაფრთხოების კანონი წარმოადგენს წმინდა წყლის ჩინეთის შიდა საქმეს და არცერთ უცხო ქვეყანას ჩარევის უფლება არ აქვს. ჩინეთის მთავრობას მკაცრად აქვს გადაწყვეტილი დაიცვას მისი ეროვნული სუვერენიტეტი, უსაფრთხოება და განვითარების ინტერესები, დანერგოს „ერთი ქვეყანა, ორი სისტემის“ პრინციპი და შეეწინააღმდეგოს გარე ჩარევას ჰონგ-კონგის შიდა საქმეში“, - განაცხადა პრესსპიკერმა.
მისივე თქმით, აშშ-ის მცდელობა, ე.წ. „სანქციების“ დაწესების გზით ხელი შეუშალოს ჩინეთის ძალისხმევას, რომ ჰონგ-კონგისთვის ეროვნული უსაფრთხოების კანონმდებლობა განავითაროს, მარცხისთვის არის განწირული.
„ზემოთ ნახსენები აშშ-ის არასწორი ქმედებების საპასუხოდ, ჩინეთს გადაწყვეტილი აქვს სავიზო შეზღუდვები დაუწესოს იმ ამერიკელ პირებს, რომლებიც ჰონგ-კონგთან დაკავშირებულ საკითხებში ცუდად ერევიან“, - აღნიშნა ლიცზიანიმ.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ აშშ-ის სენატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც გათვალისწინებულია სავალდებულო სანქციების დაწესება იმ ცალკეული პირებისა თუ კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც მხარს უჭერენ ჩინეთის ძალისხმევას შეზღუდოს ჰონგ-კონგის ავტონომია.
„ჰონგ-კონგის ავტონომიის აქტი“ სენატის წევრებმა ერთხმად მიიღეს. ის, ვიდრე ამოქმედდება წარმომადგენელთა პალატაშიც უნდა გავიდეს კენჭისყრაზე და საბოლოოდ აშშ-ის პრეზიდენტმა ხელი უნდა მოაწეროს.
28 მაისს ჩინეთის პარლამენტმა ჰონგ-კონგისთვის გათვალისწინებული უსაფრთხოების ახალი კანონი დაამტკიცა. კანონმდებლობის მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ უსაფრთხოების ახალი კანონი, სავარაუდოდ, ჰონგ-კონგის უნიკალური სტატუსის დასასრულს მოასწავებს. კანონის წინააღმდეგ ჰონგ-კონგში საპროტესტო აქციები პერმანენტულად იმართება.