ბათუმის შემოვლითი გზის 13-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, სამუშაოები საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ვიცე-პრემიერთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან ერთად დაათვალიერა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
სამშენებლო სამუშაოები 17 ხიდსა და 4 გვირაბზე ხორციელდება. ამჟამად არსებული გზა ტურისტულ და საცხოვრებელ ზონაში გადის, რაც საერთაშორისო სატრანზიტო ტრანსპორტის მიმოსვლას ართულებს. პროექტის განხორციელების შედეგად, ბათუმის შემოვლითი გზა, ქობულეთის შემოვლით გზასთან ერთად, სრულად განტვირთავს მოძრაობას აჭარის საკურორტო ზონაში, რაც ხელს შეუწყობს სატრანზიტო ტვირთბრუნვის გაზრდას. საკურორტო ზონაში ასევე მნიშვნელოვნად გაჯანსაღდება ეკოლოგიური მდგომარეობა.
პროექტის ფარგლებში აშენდება 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, 19 სახიდე გადასასვლელი, 4 სატრანსპორტო კვანძი, 5 გვირაბი და 57 წყალგამტარი მილი. ახალი შემოვლითი გზა მახინჯაურს, განთიადს, კაპრეშუმს, სალიბაურს, ფერიას, მახვილაურსა და ხელვაჩაურს გაივლის. პროექტი აზიის განვითარების ბანკისა (ADB) და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) დაფინანსებით ხორციელდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 329 630 734 ლარია.