ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობის, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების, ქონების მესაკუთრის მოტყუებით დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, ხუთი პირი დააკავეს. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან იუწყებიან.
„გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, რომელთა საქმიანობის სფეროს წარმოადგენდა ინერტული მასალის რეალიზაცია, უკანონოდ მოპოვებული ქვიშა-ხრეშის წარმოშობის წყაროს დაფარვისა და მასზე საკუთრების უფლების შენიღბვის მიზნით, მათ გამგებლობაში არსებული, აჭარის რეგიონში მოქმედი კომპანიების სახელით, გააყალბეს სასაქონლო ზედნადებები და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომლითაც ურთიერთშორის თითქოსდა ქვიშა - ხრეშის მიწოდებები განახორციელეს. აღნიშნულს ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადების გზით, კანონიერი სახე მიეცა და სამოქალაქო ბრუნვაში მოექცა უკანონოდ მოპოვებული 154 857 მ3 - ქვიშა ხრეში, რითაც ხსენებულმა კომპანიებმა და დანაშაულებრივი ორგანიზებული ჯგუფის ხელმძღვანელმა პირებმა 1 931 617 ლარის განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავალი მიიღეს. ამავე დროს, ფიქტიური ოპერაციების შედეგად, დამატებული ღირებულების გადასახადში შეიქმნეს უსაფუძვლო - ყალბი აქტივი 246 461 ლარის ოდენობით, რომელიც შემდგომში გამოიყენეს მიმდინარე საგადასახადო ვალდებულებების დასაფარად. გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ სასარგებლო წიაღისეულის უკანონოდ მოპოვების შედეგად გარემოსთვის მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 154 857 ლარი“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოძიება საქართველოს სს კოდექსის 192-ე და 210-ე მუხლების მეორე ნაწილებით, 185-ე და 194-ე მუხლების მესამე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით.