Airbus-ი წარმოებას 40%-ით შეამცირებს

Airbus-ი მომავალი ორი წლის განმავლობაში წარმოებას 40%-ით შეამცირებს.

ამის მიზეზი, როგორც კომპანიაში აცხადებენ, კორონავირუსის პანდემიის გამო ავიალაინერებზე მოთხოვნის შემცირება გახდა, - წერს Reuters-ი.

”მომდევნო ორ წელიწადში, 2020/21, ჩვენ ველოდებით, რომ წარმოება და მიწოდება შემცირდება 40% -ით, ვიდრე დაგეგმილი იყო,” - განაცხადა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა გიომ ფორიმ გაზეთ Die Welt-თან საუბრისას და დასძინა, რომ 2025 წლისთვის წარმოება ჩვეულ ნორმებს დაუბრუნდება.

როგორც გამოცემა წერს, წარმოების 40%-იანი შემცირება გამოიწვევს კომპანიის პერსონალის რესტრუქტურიზაციას. დეტალებზე Airbus-ი კომენტარს ივლისის ბოლომდე გააკეთებს. წინასწარი პროგნოზით კი წარმოების შემცირება 14 000-20 000 დასაქმებულის ეტაპობრივ გათავისუფლებას გამოიწვევს.