სახლები, მიწის ნაკვეთები, არასაცხოვრებელი ფართები - რა უძრავ-მოძრავ ქონებას ფლობენ სახელმწიფო რწმუნებულები

საქართველოში ქონებრივ დეკლარაციას ყოველწლიურად 2800-ზე მეტი თანამდებობის პირი ავსებს.

„ბიზნესპრესნიუსი“ ამჯერად დაინტერესდა, რა უძრავ-მოძრავ ქონებას ფლობენ რეგიონების სახელმწიფო რწმუნებულები. ცნობისთვის, ქვეყანას 9 ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული აქვს, შესაბამისად, 9 რწმუნებული ჰყავს.

გურიის სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია - ქონებრივი დეკლარაცია 2019 წლის 28 ოქტომბერს შეავსო. დოკუმენტის მიხედვით, გურიის სახელმწიფო რწმუნებული ფლობს 1500 კვ.მ მიწის ნაკვეთს, დუშეთში, სოფელ მლაშეში, რომელიც 2006 წელს 15 000 ლარად შეიძინა. ასევე, 2016 წელს მემკვიდრეობით გადაცემულ 182,28 კვ.მ ფართობის სახლის და 640 კვ.მ მიწის ნაკვეთის 50%-იან წილს მცხეთაში. როგორც დეკლარაციაშია აღნიშნული, ზურაბ ნასარაიას 2012 წელს აქვს შეძენილი 50 კვ.მ ბინა თბილისში, რაშიც 17 000 ლარი გადაიხადა, ხოლო 2018 წელს 198,64 კვ.მ ფართობის ბინა იყიდა ასევე თბილისში, წერეთელის ქუჩაზე, რომლის ღირებულებაც 200 000 ლარს შეადგენს. 2008 წელს კი ამავე ქუჩაზე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა "დიდუბე 1"-ის კრების ოქმის საფუძველზე გადაეცა 57,03 კვ.მ ფართობის სხვენი. ზურაბ ნასარაიას საკუთრებაშია მსუბუქი ავტომობილი შკოდა "ფაბიაც", რომელიც 2007 წელს 3 000 აშშ დოლარად შეიძინა.

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე - 2020 წლის 25 აპრილს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, არჩილ ჯაფარიძე ფლობს 684 კვ.მ მიწის ნაკვეთს ამბროლაურში, რომლის ღირებულებაც 1 642 ლარს შეადგენს. ასევე, 750 კვ.მ მიწის ნაკვეთს, რომელშიც 2015 წელს 5 000 ლარი გადაიხადა. 2007 წელს შეიძნა 670 კვ.მ მიწა, რომლის ღირებულება 3 000 ლარს შეადგენს. დეკლარაციის მიხედვით, არჩილ ჯაფარიძეს მემკვიდრეობით გადაეცა, 708 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი ამბროლაურში. გარდა ამისა, ფლობს არასაცხოვრებელი ფართის 50%-იან წილს, რომლიც 2008 წელს 1 400 ლარად არის შეძენილი. მას ასევე მემკვიდრეობით გადაეცა 250 კვ.მ ფართობის სახლი ამროლაურში, 2007 წელს კი თავად შეიძინა კიდევ ერთი, 300 კვ.მ ფართობის სახლი, რაშიც 10 000 ლარი გადაიხადა. დოკუმენტის მიხედვით, არჩილ ჯაფარიძემ 2006 წელს მიწის ნაკვეთი შეიძინა ონშიც, მისი ღირებულება 500 ლარია. 2008 წელს შეიძინა 689 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი ამბროლაურში, რაშიც 2 000 ლარი გადაიხადა, აუქციონის წესით კი შეიძინა 1483 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომლის ღირებულება 4 536 ლარს შეადგენს. დეკლარაციის მიხედვით, არჩილ ჯაფარიძის სახელზეა მსუბუქი ავტომობილი micubishi outlander 2003, რომელიც 2012 წელს 4 000 დოლარად შეიძინა.

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი - ქონებრივი დეკლარაცია 2019 წლის 30 ოქტომბერს შეავსო. დოკუმენტის მიხედვით, გიორგი ხოჯევანიშვილი ფლობს, 2015 წელს შეძენილ 7001 კვ.მ და 10 002 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთებს გორის რაიონის სოფელ კარალეთში, რაშიც ჯამურად, 34 000 ლარი გადაიხადა. ამავე სოფელში მას 2017 წელს 30 309 კვ.მ და 34 990 კვ.მ მიწის ნაკვეთები საჩუქრად გადაეცა.

გარდა ამისა, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ფლობს ყვარელში, 2016 წელს, 5 400 ლარად შეძენილი 5361 კვ.მ მიწის ნაკვეთის 50%-საც. ასევე, 2015 წელს 60 000 დოლარად შეძენილ მიწის ნაკვეთს, რომლის არც მისამართი და არც ფართობი მითითებული არ აქვს.

გიორგი ხოჯევანიშვილის საკუთრებაშია 2012 წელს ჩუქებით გადაცემული 104,2 კვ.მ ფართობის ბინა და ავტოფარეხი თბილისში, კერძოდ, დელისზე. ასევე, 1000 კვ.მ მიწის ნაკვეთი წავკისში.

დეკლარაციის მიხედვით, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის საკუთრებაშია გუდიაშვილი ფერწერული ტილოც, რომელიც ასევე ჩუქებით გადაეცა და მსუბუქი ავტომობილი Toyota Camry, რომლის ღირებულება 8000 დოლარს შეადგენს.

ამასთან, გიორგი ხოჯევანიშვილის მეუღლის სახელზეა 2013 წელს შეძენილი სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი სახლი (მშენებარე)დაბა ბაკურიანში (დიდველი), რაშიც 46 120 დოლარი გადაიხადა.

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე - ქონებრივი დეკლარაცია 2020 წლის 3 თებერვალს შეავსო. დოკუმენტის მიხედვით, შალვა კერესელიძე ფლობს, თბილისში 2017 წელს მემკვიდრეობით გადაცემული 90 კვ. მ და 27, 30 კვ მ ფართობის ბინების 50 %-იან წილს( მეწილე დავითი კერესელიძე). 2012 წელს ასევე მემკვიდრეობით გადაცემულ 853 კვ.მ და 1200 კვ.მ მიწის ნაკვეთებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირში და 600 კვ.მ მიწის ნაკვეთს ბაზალეთზე. დეკლარაციის მიხედვით, შალვა კერესელიძეს 2013 წელს ასევე მემკვიდრებით გადაეცა, ავტოფარეხი თბილისში, 250 კვ.მ საცხოვრებელი სახლი კი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირში. დეკლარაციის მიხედვით, ასევე მემკვიდრეობაა მის სახელზე რეგისტირებული 200 კვ.მ ფართობის სახლი დუშეთის მუნიციპალიტეტში.

გარდა ამისა, შალვა კერესელიძეს ეკუთვნის მსუბუქი ავტომანქანა volkswagen Passat, რომელშიც 2013 წელს 6000 აშშ დოლარი გადაიხადა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია - 2019 წლის 28 ოქტომბერს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ალექსანდრე მოწერელიას სახელზეა: 5 525,97 კვ.მ მიწის ნაკვეთი ყვარელი, სოფელ თხილისწყაროში, რაშიც 2006 წელს 500 ლარი გადაიხადა. 2016 წელს შეძენილი 44, 72 კვ.მ ბინა ბრატისლავაში, რომლის ღირებულება 123 000 ევროა. 2006 წელს 200 ლარად შეძენილი 3342 კვ.მ მიწის ნაკვეთი ყვარლის რ-ნი, სოფ. ახალსოფელში. ამასთან, 2017 წელს ყვარელში, სოფელ თხილისწყაროში უფლების აღირება მოხდა 3004 კვ.მ, 3691 კვ.მ, 1233 კვ.მ და 5348 კვ.მ მიწის ნკავეთების, რაშიც ჯამში 1200 ლარი აქვს გადახდილი. 2006 წელს ამავე სოფელში შეძენილი აქვს 2800 კვ.მ , 2900 კვ.მ და 5508 კვ.მ მიწის ნაკევეთები, ჯამში 900 ლარად; 2017 წელს - 1201 კვ.მ, 3000 კვ.მ, 7522 კვ.მ, მიწის ნაკვეთები - 4700 ლარად, ხოლო 5022 კვ.მ მიწის ნაკვეთი - 4500 დოლარად.

ასევე ალექსანდრე მოწერელიას ეკუთვნის: 7996 კვ.მ მიწის ნაკვეთი ყვარელში, რაშიც 2018 წელს 8000 დოლარი გადაიხადა. 2018 წელს შეიძინა კიდევ ერთი, 5050 კვ.მ მიწის ნაკვეთი ახალსოფელში, რაშიც 300 ლარი გადაიხადა. ამავე სოფელში 2015 წელსაც შეძინა 5000 კვ.მ მიწის ნაკვეთ, რომლის ღირებულება 15804 ლარს შეადგენს.

დეკლარაციის მიხედვით, ალექსადნრე მოწერელიას სახელზეა მსუბუქი ავტომობილი Grand Cherokee, რომელშიც 2015 წელს 54 000 დოლარი გადაიხადა და volksvagen Passat, რომლი ღირებულება 2006 წელს 6 000 დოლარი იყო.

აღსანიშნავია, რომ ალექსანდრე მოწერელიას მეუღლის სახელზეა 1171 კვ.მ საცხოვრებელი სახლი წყნეთში, რომელშიც 2003 წელს 10 000 ლარი გადაიხადეს; ასევე, 166,14 კვ.მ ბინა თბილისიში, რომლის ღირებულება 2010 წელს 150 000 აშშ დოლარს შეადგენდა და 44,9 კვ.მ ბინა ბათუში, რომელიც 2015 წელს 96 451 ლარად შეიძინეს. ალექსანდრე მოწერელიას მეუღლეს ეკუთვნის მსუბუქი ავტმობილი Chevrolet Volt-იც, რომლის ღირებულება 2018 წელს 8 500 აშშ დოლარს შეადგენდა.

ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი - 2019 წლის 26 სექტემბერს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, შოთა რეხვიაშვილმა 2017 წელს წავკიში შეიძინა 1000 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ღრებულება მითითებული არ აქვს) და მშენებარე სახლი, რაშიც 93 000 ლარი გადაიხადა. ასევე, მის საკუთრებაშია 2008 წელს 1000 ლარად შეძენილი 300 კვ.მ მიწის ნაკვეთი კურორტ შოვში. ხოლო, მისი მეუღლის სახელზეა 2016 წელს 22 000 ლარად შეძენილი საცხოვრებელი სახლი თბილისში. ასვეე, 301 კვ.მ მიწის ნაკვეთი და 155,16 კვ.მ საცხოვრებელი სახლი, რომელიც თბილისში ჩუქებით გადაეცა. დეკლარაციის მიხედვით, შოთა რეხვიაშვილის მეუღლეს ეკუთვნის მსუბუქი ავტომობილი suzuki grand vitara, რომელიც 2008 წელს 27000 დოლარად აქვს შეძენილი.

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი - ქონებრივი დეკლარაცია 2019 წლის 29 ივლისს შეავსო. დოკუმენტის მიხედვით, ბესიკ ამირანაშვილის სახელზეა 2005 წელს მცხეთაში, სოფელ გალავანში მემკვიდრეობით გადაცემული 2500 კვ.მ, 5200 კვ.მ და 1600 კვ.მ მიწის ნაკვეთების 25%-ანი წილი. ასევე, 2014 წელს 65 000 დოლარად შეძენილი 106,53 კვ.მ ფართობის ბინა და ავტოფარეხი თბილსიში, რაშიც 5000 დოლარი აგადიხადა.

იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული ზვიადი შალამბერიძე - 2020 წლის 30 მაისს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ზვიად შალამბერძის სახელზე ფიქსირდება მხოლოდ 48 კვ.მ ფართობის ბინა თბილისში, რაშიც 2003 წელს 5 500 აშშ დოლარი აქვს გადახდილი.

კახეთის სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი - ქონებრივი დეკლარაცია 2019 წლის 14 ნოემბერს შეავსო. დოკუმენტის მიხედვით, ირაკლი ქადაგიშვილი ფლობს: 1124 კვ.მ მიწის ნაკვეთს და 113,2 კვ.მ საცხოვრებელ სახლს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის, სოფელ თოხლიაურში, რაშიც 2008 წელს ჯამში 9000 აშშ დოლარი გადაიხადა. დოკუმენტის მიხედვით, ირაკლი ქადაგიშვილს 2004 წელს მემკვიდრეობთ გადაეცა 156 კვ.მ ფართობის ბინა თბილისში.

რაც შეეხება მისი ოჯახის წევრების ქონებას, მისი მეუღლის საკუთრებაშია 2010 წელს 15000 აშშ დოლარად შეძენილი ბინა თბილისში და მსუბუქი ავტომობილი mercedesi E კლასი, რომელიც 2012 წელს 10 000 დოლარად არის შეძენილი.

ნინი ქეთელაური