ორშაბათიდან გალერეების გახსნა იგეგმება - რა წესების დაცვით მოუწევთ საქმიანობა

ორშაბათიდან, 6 ივლისიდან სავარაუდოდ, დაშვებული იქნება ისეთი საქმიანობები, როგორიცაა, საგამოფენო საქმიანობა, ტრენინგები და კონფერენციები. საქმიანობების განახლება შესაბამისი წესების დაცვით მოხდება.

შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა რეკომენდაციები, რომელიც კულტურული ღონისძიებების ჩატარებას მოიცავს.

წესები მოიცავს ასევე მუზეუმებსა და გალერეებში უსაფრთხოების ზომების დაცვასთან დაკავშირებულ რეკომენდაციებსაც. კერძოდ:

  • დახურულ შენობებში/ერთ საექსპოზიციო დარბაზში უზრუნველყავით ყოველ 5 კვადრატულ მეტრზე 1 (ერთი) ადამიანის დაშვება, სოციალური დისტანციის დაცვის პირობით. ვიზიტორთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვროს სივრცის ზომის მიხედვით (გაანგარიშება: მთლიანი ზომა მინუს ექსპონატებისა და სხვა სამუზეუმო აღჭურვილობის მიერ დაკავებული სივრცე);
  • საექსპოზიციო დარბაზში ახალი ვიზიტორების დაშვება, მოახდინეთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარბაზში შესული ვიზიტორი დატოვებს სივრცეს;
  • რეკომენდირებულია ექსპონატების დათვალიერებისთვის წინასწარ მოინიშნოს დგომის/დათვალიერების ადგილები;
  • ღია სივრცეებში, უზრუნველყავით, სოციალური დისტანციის დაცვა და ვიზიტორთა ნაკადის იმგვარი კონტროლი, რომ მათი გადაადგილებისას, თავიდან იქნეს აცილებული ერთ უბანზე, 10-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა;
  • გიდით მომსახურების შემთხვევაში, ექსკურსიის ხანგრძლივობა დახურულ სივრცეში არ უნდა აღემატებოდეს 1 საათს, ხოლო ვიზიტორთა ჯგუფში ადამიანების რაოდენობა 10-ს, იმ პირობით, რომ უზრუნველყოფილი იქნება მათ შორის სოციალური დისტანციის დაცვა;
  • გააკონტროლეთ შენობაში/ტერიტორიაზე ვიზიტორთა მხრიდან სოციალური დისტანციისა და პირბადის გამოყენების დაცვა;
  • ინტერაქტიული გაცნობის საშუალებების, ასევე აუდიოგიდის გამოყენების შემთვევაში, ყოველი გამოყენების შემდგომ უზრუნველყავით მათი დეზინფექცია ან გამოიყენეთ ერთჯერადი ყურსასმენები;
  • იმ სივრცეებში, რომელთა დეზინფექციაც ვერ ხერხდება, მაქსიმალურად შეზღუდეთ ვიზიტორთა დაშვება; სამუზეუმო კაფის ფუნქციონირება უნდა განხორციელდეს ,,ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის“ მიხედვით განსაზღვრული რეკომენდაციების შესაბამისად;
  • სამუზეუმო მაღაზიის სივრცეში დაუშვებელია 3 (სამი) ადამიანზე მეტის თავშეყრა სოციალური დისტანციის დაცვით;
  • აუცილებელია პირთა ნაკადის კონტროლი.
თაია არდოტელი