საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დიმიტრი ცქიტიშვილი აცხადებს, რომ ეკონომიკის ვარდნის ნეგატიური მაჩვენებელი მოსალოდნელი იყო და აღნიშნავს, რომ დღეს ხელისუფლებამ უნდა იფიქროს იმაზე, სწორად როგორ აღადგინოს ეკონომიკური მიმართულებები, რომელიც გაჩერდა. როგორც ცქიტიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მომდევნო თვეებში ეკონომიკის ვარდნა ნაკლები, თუმცა მაინც იქნება.
“არჩევანი სახელმწიფოს ჰქონდა გაეჩერებინა თუ არა ეკონომიკა, ვნახეთ ის ქვეყნები, სადაც ეკონომიკის გაჩერება არ მოხდა, იქ ბევრად უფრო ნეგატიური მაჩვენებლები იყო. რამდენად გაუძლებდა ჯანდაცვის სისტემა იმ ციფრებს როგორიც იყო დასავლურ დემოკრატიულ ქვეყნებში, ჩემთვის ეს უფრო აჩენს კითხვის ნიშნებს. მოსალოდნელი იყო, რომ ვარდნის მაჩვენებელი იქნებოდა ასეთი ნეგატიური. დღეს უნდა ვიფიქროთ არა იმაზე, რამ გამოიწვია ეს, რადგან ვიცით, რამაც გამოიწვია - გაჩერებული იყო ეკონომიკური სექტორი რამდენიმე მიმართულების გარდა, დღეს უნდა ვიფიქროთ იმაზე, სწორად როგორ აღვადგინოთ ის ეკონომიკური მიმართულებები, რომელიც გაჩერდა. შესაბამისად, სწორი ბალანსი უნდა ვიპოვოთ. იმ მიმართულებით გავაკეთოთ მეტი მხარდაჭერა, რომელსაც პერსპექივა აქვს მოკლე ვადაში აღდგენის და არა იმ მიმართულებით, რომელსაც სამწუხაროდ, რაღაც პერიოდის განმავლობაში არ ექნება პერსპექტივა. უფრო უნდა ვიფიქროთ მომავალზე, როგორ დავძლიოთ ეს გამოწვევები შემოდგომაზე და მომდევნო წლის განმავლობაში. ივნისში და ივლისში ნაკლები იქნება, თუმცა მაინც იქნება ვარდნები, იმიტომ რომ დაკეტილია საზღვრები, ტურისტული ინდუსტრია გაჩერებულია, შესაბამისად, გაჩერებულია მომსახურების სფერო. ყველაფერი ჯაჭვური რეაქციით შენელებულია, რა თქმა უნდა, ციფრები იქნება უკეთესი, მაგრამ ჯერ კიდევ იქნება ნეგატიური”,- განაცხადა ცქიტიშვილმა.
ცნობისთვის, წინასწარი შეფასებით, მაისში საქართველოს ეკონომიკა 13.5%-ით შემცირდა. იანვარ-მაისის საშუალო რეალური ზრდა უარყოფითია და -5.4%-ს შეადგენს.