საქართველოს ეროვნული ბანკი ფინანსური ანგარიშის გამოქვეყნებას იწყებს. როგორც ეროვნული ბანკიდან იუწყებიან, ფინანსური ანგარიში ფინანსური აქტივების და ვალდებულებების ნაშთების შესახებ ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე კვარტალური სიხშირით გამოქვეყნდება.
„ფინანსური ანგარიში ეკონომიკის სხვადასხვა ინსტიტუციური სექტორების, მათ შორის დანარჩენი მსოფლიოს, ფინანსური პოზიციისა და ფინანსური ნაკადების გადაადგილების შესახებ დეტალურ ინფორმაციას მოიცავს. ანგარიში ასახავს ფინანსური მაჩვენებლების დეტალიზაციას სხვადასხვა ჭრილში. ფინანსური ანგარიში შეიძლება წარმოდგენილი იყოს, როგორც ფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების ნაშთებზე, ასევე ნაკადებზე. ანგარიში აღწერს, თუ რომელი ინსტიტუციური სექტორის მიერ, რა მასშტაბით, რომელი სექტორისათვის და რა ფორმით გადანაწილდა ფინანსური რესურსი და რომელი ფინანსური შუამავალი იყო ჩართული ფინანსურ ციკლში.
სტატისტიკის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ინოვაციური სტატისტიკური ბიზნეს პროცესის "სებსტატის" დანერგვამ ფინანსური ინსტიტუტებიდან მაღალი ხარისხის დეტალური სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვების შესაძლებლობა მოგვცა, რის საფუძველზეც ეროვნულმა ბანკმა ფინანსური ანგარიშის სტატისტიკის კომპილაციაზე მუშაობა დაიწყო. ამ ეტაპზე საქართველოს ეროვნული ბანკი ფინანსურ ანგარიშს კვარტალური სიხშირით გამოაქვეყნებს ფინანსური აქტივების და ვალდებულებების ნაშთების მიხედვით. შემდგომ ეტაპზე დაგეგმილია ფინანსური ანგარიშის ნაკადების სტატისტიკის გამოქვეყნებაც,"-აღნიშნულია ინფორმაციაში.
ფინანსური ანგარიშის ინტერაქტიული რეპორტი ხელმისაწვდომია საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე ინტერაქტიული სტატისტიკის რუბრიკაში შემდეგ ბმულზე.