ჟენევის მოტორ შოუ არც 2021 წელს ჩატარდება

ჟენევის მოტორ შოუს ორგანიზატორებმა გამოაცხადეს, წლის მთავარი საავტომობილო ფორუმი არც მომავალ წელს გაიმართება. როგორც ყოველთვის, წელსაც შოუ მარტის დასაწყისში უნდა გახსნილიყო, მაგრამ ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო გაუქმდა.

მომავალი წლის შოუს გაუქმების მიზეზი ის ფაქტი გახდა, რომ მისი მონაწილეთა უმეტესობა, 2021 წლის შოუზე აქტივობას არ გეგმავს. ორგანიზატორთა მიერ ჩატარებული გამოკითხვისას, მათ განაცხადეს, რომ ჟენევას ალბათ 2022 წლიდან დაუბრუნდებიან.

გამოკითხვამ აჩვენა, რომ ავტომობილების და საავტომობილო მაკომპლექტებელი ნაწილების მწარმოებლებს, პანდემიის შემდგომ, ჩვეულ რეჟიმში დასაბრუნებლად, გარკვეული დრო დასჭირდებათ. გარდა ამისა, ისინი არ არიან დარწმუნებული იმაში, რომ 2021 წლის შოუს ასობით ათასი ადამიანი დაესწრება, როგორც წინა წლებში.

მომავალი წლის ფორუმის გაუქმების პარალელურად, ორგანიზატორებმა ასევე გამოაცხადეს, რომ ისინი ჟენევის მოტორ შოუს გაყიდვასაც გეგმავენ. მყიდველად „პალექსპო“ მოიაზრება, რომლის პავილიონებშიც ავტოშოუ იმართება ხოლმე.

ჟენევის შოუს ორგანიზატორთა მონაცემებით, წლევანდელი ფორუმის გაუქმების გამო, მათ დაახლოებით 11 მილიონი შვეიცარიული ფრანკი (დაახლოებით 10.2 მილიონი ევრო) იზარალეს. ამის გამო, ჟენევის კანტონს (მხარის მმართველ ერთეულს) ფინანსური დახმარებისთვის მიმართეს.

ორგანიზატორებმა 16.8 მილიონი ფრანკის სესხზე თანხმობა მიიღეს. მაგრამ ისეთი პირობებით, რომლებზე დათანხმებაც არ შეუძლიათ. ამ პირობათაგან ერთ-ერთი 2021 წლის შოუს გამართვას მოითხოვს.