ავსტრიის ელჩი - OMV Petrom-ის გამარჯვება მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოში ინვესტიციების ზრდისა და დივერსიფიკაციისკენ

OMV Petrom-ი გამარჯვებულია საქართველოს შავი ზღვის შელფზე ნავთობისა და გაზის ძიებისა და მოპოვების ტენდერში. ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი საქართველოში ინვესტიციების ზრდისა და დივერსიფიკაციისკენ, - ასე ეხმაურება ავსტრიის ელჩი საქართველოში არად ბენკო უმსხვილესი ავსტრიული ენერგეტიკული ჰოლდინგის „OMV ჯგუფის“ წევრი კომპანიის OMV Petrom - ის მიერ ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის მოსაპოვებლად შავი ზღვის II სალიცენზიო ბლოკზე ღია საერთაშორისო ტენდერში გამარჯვების ფაქტს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ტენდერი ნავთობისა და გაზის სააგენტომ გამოაცხადა. ტენდერში გამარჯვებული კომპანია, საწყის ეტაპზე, განახორციელებს სეისმოსაძიებო სამუშაოებს, ბოლო ეტაპზე კი დაიწყება ბურღვა. ბურღვის ეტაპის ღირებულება დამოკიდებულია კვლევების შედეგებზე. ანალოგიური პროექტის ღირებულება - რუმინეთის ტერიტორიულ წყლებში არსებული „დომინოს“ საბადოს აღმოჩენა, რომელიც ავსტრიულ OMV - ს უკავშირდება, 1,5 მლრდ აშშ დოლარია.

უწყების ცნობით, საქართველო შავი ზღვის აუზის ქვეყნებიდან ერთადერთია, სადაც შელფურ ნაწილზე ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიება არ მიმდინარეობს.

„აღსანიშნავია, რომ 2019 წლის Forbes -ს მონაცემებით „OMV ჯგუფი“ არის ავსტრიის მე-N2, ხოლო ევროპის მასშტაბით N79-ე უდიდესი კომპანია, ასევე მე-10 ევროპის ნავთობისა და გაზის კომპანიებს შორის. 2019 წელს კომპანიის აქტივებმა 44,1 მილიარდი ევრო შეადგინა,“- აღნიშნულია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.