ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები იმ ქვეყნების სიაზე შეთანხმდნენ, რომელთა მოქალაქეებისთვისაც გარე საზღვრებს გახსნიან, - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „ევრონიუსი“ დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროს ინფორმაციით, 15 ქვეყნისგან შემდგარმა სიამ საკმარისი ხმები დააგროვა. როგორც „ევრონიუსი“ წერს, აღნიშნულთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება 1-ელ ივლისს გაკეთდება.
„ევრონიუსის“ ინფორმაციით, არსებობს ორი სია, ერთი იმ ქვეყნების, საიდანაც მოქალაქეები ევროკავშირში შესვლას შეძლებენ და რომელშიც მოხვდნენ: საქართველო, მონტენეგრო, სერბეთი, კანადა, ურუგვაი, ალჟირი, ტუნისი, მაროკო, რუანდა, ავსტრალია, ახალი ზელანდია, იაპონია, სამხრეთ კორეა, ტაილანდი და ჩინეთი (თუ ის ასევე გაუხსნის საზღვრებს ევროკავშირის მოქალაქეებს), მეორე სია კი იმ ქვეყნებისგან შედგება, საიდანაც ევროკავშირის ქვეყნებში შესვლა ნებადართული არ იქნება. „ევრონიუსის“ ინფორმაციით, ამ სიაში სხვა ქვეყნებთან ერთად აშშ და რუსეთიც მოხვდნენ.