კანონპროექტთან დაკავშირებით სერიოზული, ფუნდამენტური შენიშვნები გვაქვს, რასაც დასკვნაში ჩავწერთ, - ამის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ კომიტეტის სხდომაზე შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებების კანონპროექტის შესახებ განაცხადა, რომელიც კომიტეტს დეპუტატმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა წარუდგინა.
„ამ კანონპროექტის შესახებ შენიშვნები ფორმულირებული გვაქვს 6 გვერდზე, ეს ეხება ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურებას, მინიმალურ ხელფასს, შრომის ინსპექციას და ასე შემდეგ, ამას ყველაფერს დასკვნას დავურთავთ თან“, - აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.
ცნობისთვის, შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტის თანახმად, რომლის ინიციატორები არიან: საქართველოს პარლამენტის წევრები დიმიტრი ცქიტიშვილი, სოფიო კილაძე, დავით მათიკაშვილი, თამარ ჩუგოშვილი, ირაკლი კობახიძე, რატი იონათამიშვილი და თამარ ხულორდავა, არანაზღაურებადი სტაჟირების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს, ასევე, ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების სტანდარტის სახით ხელფასის ნორმირებული საათობრივი განაკვეთის 125 პროცენტი დგინდება, იზრდება შრომის ინსპექციის მანდატი და ა.შ.