საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ ბარკალაიას განცხადებით, დღეს 30 ივნისს, ჯანდაცვის სამინისტროს ვებპორტალზე, 300- ლარიანი კომპენსაციის მისაღებად თვითდასაქმებულთა რეგისტრაცია დასრულდა.
ბარკალაიას განმარტებით, ერთჯერადი 300 ლარიანი კომპენსაციის მისაღები რეგისტრაცია 15 ივლისამდე გაგრძელდება იმ პირებისთვის, რომლებიც 2019 წლის განმავლობაში სეზონურ სამუშაოებზე საზღვარგარეთ გადიოდნენ.
„30 ივნისს დასრულდა ჯანდაცვის სამინიტროს ვებპორტალზე თვითდასაქმებულთა რეგისტრაცია, რომლებიც ითხოვენ 300 ლარიან ერთჯერად კომპენსაციას. ამ ეტაპისთვის დარეგისტრირებული არის დაახლოებით 160 000 მოქალაქე, განხილული საბუთების რაოდენობა არის 110 000. შესაბამისად, დაახლოებით ამდენმა ადამიანმა უკვე მიიღო რეგისტრაცია, ხოლო დანარჩენი საბუთები უახლოეს მომავალში კომისიის მიერ იქნება განხილული და შესაბამისი გადაწყვეტილებები მიღებული და კომპენსაციები დარიცხული ჩვენი მოქალაქეებისთვის.
რეგისტრაციის პორტალი აგრძელებს მუშაობას, ვინაიდან, მოგეხსენებათ, რომ 26 ივნისს მთავრობის გადაწყვეტილებით 300 ლარიანი კომპენსაციის მიმღებ პირთა წრე გაფართოვდა სეზონური მუშახელის ჩართვის მიზნით და შესაბამისად, დღეიდან 15 ივლისის ჩათვლით იმ მოქალაქეებს, რომლებიც 2019 წლის განმავლობაში იმყოფებოდნენ საზღვარგარეთ მარტიდან ოქტომბრის ჩათვლით 30 დღიდან 120 დღემდე, ან ის მოქალაქეები, რომლებსაც 2019 წლის განმავლობაში უფიქსირდებათ 60 ან მეტი საზღვრის კვეთა, მათთვის რეგისტრაცია გრძელდება 15 ივლისამდე“, - განაცხადა ბარკალაიამ.