ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ თელაში, თხილის მიმღებ-გადამამუშავებელი და შემნახველი ახალი საწარმო ამოქმედდა. ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან იუწყებიან. მათივე ინფორმაციით, ახალი საწარმო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეებმა, გიორგი ხანიშვილმა და ხატია წილოსანმა, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორთან, პიტერ ვიბლერთან ერთად გახსნეს.
„თხილის ახალი საწარმო ფერმერებს მოსავლის აღების შემდგომი დანაკარგების შემცირების შესაძლებლობას მისცემს. საწარმოში შესაძლებელია პროდუქციის მაღალ დონეზე გაშრობა, დამუშავება, შენახვა, რაც ზრდის თხილის ღირებულებას. მადლობას ვუხდი ამერიკულ მხარეს, რომელიც აქტიურად გვეხმარება ქართული ფერმერული მეურნეობების განვითარებაში", - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.
„ჩვენ ვთანამშრომლობთ როგორც საქართველოს მთავრობასთან, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოსთან, ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლებთან. კერძო ფერმერები და მეწარმეები, რომლებიც ახორციელებენ ინვესტიციებს მსგავს ინსტიტუციებში, ხელს უწყობენ თხილის ბაზრისთვის სათანადო პირობების ჩამოყალიბებას, რაც გულისხმობს უკეთესი პროდუქციის მიღებას, მეტი შემოსავლების გენერირებას და მეტი სამუშაო ადგილების შექმნას. ახალი საწარმოს გახსნა მნიშვნელოვანია არამარტო კახეთისთვის, არამედ მთლიანად ქვეყნისთვის. საქართველოსთვის ახალი კორონავირუსის პანდემიისგან მიყენებული ზიანის აღდგენის პროცესში ეკონომიკური ზრდა მთავარ როლს თამაშობს. შესაბამისად, თხილის ბაზარზე ახალი სამუშაო ადგილების შექმნა მნიშვნელოვანია”, - განაცხადა პიტერ ვიბლერმა.
სოფელ თელაში მდებარე საწარმო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოსა და „საქართველოს თხილის სექტორის განვითარების პროექტის“ (AgriGeorgia/Ferrero-ს, USAID- ისა და CNFA-ს ერთობლივი პროექტი) მხარდაჭერით აშენდა, რომელსაც ოპერირებას შპს „აგროთრეიდი“ უწევს.
„საწარმოში, ჯამურად, 900,000-ზე მეტი ლარის ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 500,000-მდე ლარი შეღავათიანი აგროკრედიტია. ახალ საწარმოში 16 სამუშაო ადგილი შეიქმნა. საწარმო ყოველწლიურად, დაახლოებით, 200 ფერმერს მოემსახურება. ახალი საწარმოს გახსნას კახეთის რწმუნებულის პირველი მოადგილე ირაკლი შიოშვილი და ლაგოდეხის მერი ჯონდო მდივნიშვილი, ასევე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ილია თამარაშვილი ესწრებოდნენ,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.