ჩვენ არ ვაუქმებთ და არ ვხურავთ ქუთაისის ბაზას და ამ ეტაპზე არ გვაქვს არანაირი გეგმა, რომ ქუთაისში ჩვენი ბაზა დავხუროთ. ჩვენ დროებით ვაუქმებთ ოპერაციებს, - ამის შესახებ კომპანია Wizz air-ის კომუნიკაციების ხელმძღვანელმა ანდრას რადომ განაცხადა.
მისივე თქმით, დიდი ალბათობით, ფრენები მომავალი წლის ზაფხულამდე იქნება შეჩერებული არსებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, თუმცა მან ასევე განაცხადა, რომ კომპანია მზად არის ოპერაციების განსაახლებლად, როგორც კი შესაბამისი პირობები იქნება.
„დროებით შეჩერება, სამწუხაროდ, მოგვიხდა ვირუსიდან გამომდინარე, რადგან პანდემია გავრცელებულია უკვე უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში. მუშაობა დროებით შეჩერებული იქნება იქამდე, სანამ მომავალ მითითებებს არ მივიღებთ. აუცილებლად გაცნობებთ, როდესაც ამ გადაწყვეტილების შეცვლა მოხდება.
დიდი ალბათობით, ოპერაციები მომავალ ზაფხულამდე იქნება შეჩერებული, რადგან ჩვენ არ ვიცით, როდის დასრულდება შეზღუდვები.
თუ არაფერი მეშლება, ჩვენ ახლა არ გვყავს თვითმფრინავები ქუთაისის ბაზაში. ისინი სხვაგან განვათავსეთ ჩვენსავე ქსელში და როგორც კი ქუთაისში ოპერაციები განახლდება, რა თქმა უნდა, თვითმფრინავებს უკან დავაბრუნებთ. იქამდე კი სხვა გამოსავლებს ვეძებთ საერთაშორისო და ადგილობრივი შეზღუდვების გათვალისწინებით, შეგვეძლება თუ არა რაიმე სახის ფრენის განხორციელება ქუთაისში.
„ვიზეარი“ აკვირდება საერთაშორისო დონეზე და საქართველოში განვითარებულ მოვლენებს. ჩვენ განვაახლებთ ფრენებს, როგორც კი პირობები ამის შესაძლებლობას მოგვცემს. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა დავემორჩილოთ ყველა იმ წესს, რომელსაც საერთაშორისო თუ ადგილობრივი ხელისუფლებები აწესებენ. იმედი გვაქვს, რომ საქართველოში ფრენებს შეძლებისდაგვარად სწრაფად განვაახლებთ,“ - განაცხადა კომპანიის კომინიკაციების ხელმძღვანელმა.