აზიის განვითარების ბანკმა საქართველოში კოვიდ-19-ის სწრაფი ტესტების ჩატარების აღჭურვილობისათვის გრანტი გამოყო. როგორც აზიის განვითარების ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ჯანდაცვის სამინისტროს 440,000 ევროს ღირებულების აღჭურვილობა გადაეცემა.
„საქართველომ გამორჩეულად წარმატებულად უპასუხა პანდემიის გამოწვევებს, ვირუსის გავრცელების შეჩერებისა და ყველაზე მეტად დაზარალებული შინამეურნეობებისა და ბიზნესის ხელშეწყობის გზით. ბანკის გრანტით შეძენილი აღჭურვილობა გაზრდის ქვეყანაში ტესტირების ჩატარების შესაძლებლობებს, რაც აუცილებელია ვირუსის გავრცელების შეჩერებისთვის, განსაკუთრებით კი შეზღუდვების ნელ-ნელა მოხსნის და ეკონომიკის აღდგენის პირობებში,“ -ამბობს აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორი და მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში შეინ როზენტალი.
„მოხარულნი ვართ, რომ ახალი აღჭურვილობა გაზრდის ეროვნული ლაბორატორიის შესაძლებლობებს დღეში 2000 ტესტამდე და შეამცირებს დიაგნოსტიკის ვადებს. მზად ვართ საერთაშორისო დონორების მიერ გამოყოფილი დამატებითი დაფინანსების საშუალებით გავზარდოთ საპასუხო ქმედებები კოვიდ-19-ის შეჩერების, მისი დადგენისა, და საჯარო ჯანდაცვის სისტემის მზაობის გასაძლიერებლად,“ - ამბობს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, თამარ გაბუნია.
„აზიის განვითარების ბანკმა ხელი მოაწერა კონტრაქტს სრულიად ავტომატიზირებული მაღალი წარმადობის ე.წ. PCR ტესტირებისთვის საჭირო აღჭურვილობის შესაძენად ქვეყანაში (კოვიდ-19-ის) პანდემიის გავრცელების შეჩერების ღონისძიებების გატარების მიზნით.
აღჭურვილობა, რომლის ღირებულება 440,000 ევროა (დაახლოებით $495,000 აშშ დოალრი), კომპანია Roche Diagnostics Turkey, A.S. მიერ იქნება მოწოდებული და დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გადაეცემა.
აღჭურვილობის შეძენა მოხდება გრანტის თანხით მიმდინარე ტექნიკური დახმარების ფარგლებში: 2019 წლის კორონავირუსის დაავადების გავრცელების პრევენციისა და სხვა გადამდებ დაავადებათა შესაძლო გავრცელების შეჩერების რეგიონული ხელშეწყობა. გრანტის თანხა დაემატება კოვიდ-19-ის აქტიური საპასუხო და ხარჯვითი დახმარების (CARES) პროგრამის ფარგლებში ბანკის დირექტორთა საბჭოს მიერ 2020 წლის 28 მაისს დამტკიცებულ $100 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხს, რომელიც საბიუჯეტო დახმარებას გაუწევს მთავრობას და დააფინანსებს მის კომპლექსურ ანტიკრიზისულ გეგმას.
ADB-ის მიზანია ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის კვლავაც აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა,"-აღნიშნულია აზიის განვითარების ბანკის განცხადებაში.