თამარ არჩუაძე - ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი „ვიზეარის“ ბაზირების აეროპორტად რჩება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების” ხელმძღვანელი თამარ არჩუაძე უარყოფს ინფორმაციას, რომ ავიაკომპანია Wizz air-ი საქართველოს ბაზრიდან გადის. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებიდან” აცნობეს.

თამარ არჩუაძის განმარტებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ავიაკომპანია „ვიზეარის“ ბაზირების აეროპორტად რჩება.

მისი თქმით, Wizz Air-ი საქართველოს მიმართულებით ავიამიმოსვლას მაშინვე განაახლებს, როგორც კი საქართველო საერთაშორისო რეგულარული ფრენებისთვის გაიხსნება. ეს ყველაფერი კი, იმ ქვეყნებში არსებულ ეპიდსიტუაციაზე იქნება დამოკიდებული, სადაც ავიაკომპანია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეგულარულ ფრენებს ახორციელებს.

„ხომალდის ბაზირების თემა ავიაკომპანიისა და აეროპორტის ურთიერთანამშრომლობის საგანია, რომელსაც მგზავრი საკუთარ თავზე ვერ გრძნობს. როგორც კი საქართველოდან საერთაშორისო რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვები მოიხსნება, ავიაკომპანია Wizz Air-ი, ქუთაისიდან ოპერირებას განაახლებს. ავიაკომპანია რეისებს განახორციელებს იმ მიმართულებებზე, რა მიმართულებებზეც ფრენები იქნება დაშვებული. ეს ყველაფერი კი დამოკიდებულია ეპიდსიტუაციაზე,- განაცხადა თამარ არჩუაძემ.

რაც შეეხება ბაზებს, მისი თქმით, ეს არის წმინდა ტექნიკური მექანიზმი, თუ სად ჰყავს საჰაერო ხომალდი ავიაკომპანიას.

„პანდემიის პერიოდში, ვიზეარის საჰაერო ხომალდები კომპანიის ცენტრალურ ბაზაზე, ბუდაპეშტში განთავსდა, ხოლო ფრენების განახლების შემდეგ ბაზირებული საჰაერო ხომალდები ეტაპობრივად ბრუნდება, იმ ქვეყნებში, სადაც კომპანიას ბაზა გააჩნია. შემცირებული ფრენების ფონზე არამხოლოდ Wizz Air-ი, არამედ მსოფლიოს სხვა ავიაკომპანიები, იღებენ გადაწყვეტილებას, რომ თვითმფრინავები ჰყავდეთ მაქსიმალურად დატვირთულ წერტილში, ანუ იქ სადაც საჰაერო ხომალდი 24 საათის განმავლობაში იქნება დატვირთული",- განმარტავს არჩუაძე.