გენერალური აუდიტორის მოადგილე განმარტავს, რატომ ეწინააღმდეგება აუდიტის სამსახური ცვლილებებს, რომლითაც მას მედიის ფინანსური საქმიანობის რეგულირებისა და კონტროლის უფლებამოსილება ენიჭება

გენერალური აუდიტორის მოადგილე ეკა ღაზაძე განმარტავს, თუ რატომ ეწინააღმდეგება აუდიტის სამსახური საარჩევნო კოდექსში შესატან იმ ცვლილებას, რომლის თანახმადაც, აუდიტის სამსახურს მედიის, მათ შორის არასაბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი მედია საშუალებების, ფინანსური საქმიანობის რეგულირებისა და კონტროლის უფლებამოსილება ენიჭება.

ღაზაძის თქმით, აუდიტის სამსახური თავისი ბუნებით არის ანალიტიკური და საკონსულტაციო და რეგულატორის და კონტროლის ფუნქცია სამსახურის რეპუტაციას ზიანს მიაყენებს. მისი თქმით, აუდიტის სამსახური იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე დააყენებს წინადადებას, რომ მედიის კონტროლი კვლავ დარჩეს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის სფეროში, რადგან აღნიშნულ კომისიას კანონი ისედაც ავალდებულებს, რომ შესაძლო დარღვევის შემთხვევაში ინფორმაცია მიაწოდოს აუდიტის სამსახურს, თუ ეს ეხება პოლიტიკურ ფინანსებს.

“მიუხედავად იმისა, რომ ცვლილების უკან დგას მიზანი, რომ დავაიდენტიფიციროთ ისეთი შემომწირველი, რომელმაც განახორციელა უკანონო შემოწირულობა, აუდიტის სამსახური თვლის, რომ აღნიშნული რედაქციით ამ ცვლილების შეტანა, არ არის მიზანშეწონილი. აუდიტის სამსახურის მანდატია საბიუჯეტო სახსრების ხარჯვა და არა მედიის კონტროლი თუ რეგულირება. ასევე, პირდაპირი წვდომა ფინანსურ საქმიანობაზე ამოვარდნილია ზოგადად პოლიტიკური პარტიების მონიტორინგის ფუნქციიდან. დღესაც, როდესაც ვითხოვთ ინფორმაციას კერძო პირიდან ან კომპანიიდან, ამისთვის მივმართავთ სასამართლოს. თუ ამ პრინციპს გავიზიარებთ და პირდაპირი წვდომა გვექნება კერძო და მათ შორის არასაბიუჯეტო მედიაზეც, ასეთივე წარმატებით შეგვიძლია ინფორმაცია პირდაპირ გამოვთხოვოთ ბანკებს, უძრავი ქონების სააგენტოებს და ა.შ. თუ ჩავთვალეთ, რომ იქ იყო პოლიტიკური შინაარსის ტრანზაქცია. ჩვენ ინფორმაცის ვიღებთ შესყიდვების განმახორციელებლისგან და არა ტრანზაქციის მეორე მხარისგან, ანუ ჩვენ კერძო კომპანისთან ურთიერთობა გვაქვს შეზღუდული. თუ ამის აუცილებლობა დადგა, მივმართავთ ხოლმე სასამართლოს.

ასეთი ფორმით მაკონტროლებლის ფუნქციის შეძენა მედიასთან მიმართებით, ვთვლით, რომ საერთოდ სცდება აუდიტის სამსახურის ფუნქციას, თავისი ბუნებით ის არის ანალიტიკური და საკონსულტაციო. თვითონ რეგულატორის და კონტროლის ფუნქცია აუდიტის სამსახურის რეპუტაციას ზიანს მიაყენებს. გვაქვს წინადადება, რომელიც გვინდა, რომ კომიტეტში გავაჟღეროთ, რომ რეგულაცია, კონტროლი დარჩეს როგორც ახლაა, ანუ კომუნიკაციების მარეგულირებელ კომპანიაში. ის მიზანი, რომელსაც ეს ცვლილება ემსახურება, მიღწეული იქნება ამ კომუნიკაციიდან მიღებული ინფორმაციით. ანუ, კომუნიკაციის კომისიას და ზოგადად სახელმწიფო ორგანოებს კანონი პოლიტიკური პარტიების შესახებ ავალდებულებს, რომ შესაძლო დარღვევის შემთხვევაში ინფორმაცია მიაწოდონ აუდიტის სამსახურს, თუ ეს ეხება პოლიტიკურ ფინანსებს. იგი ასევე ახორციელებს მედია მონიტორინგს. ამისთვის აქვს შესაბამისი რესურსები და უკვე არსებობს მექანიზმი, სადაც მარეგულირებელი კომპანია ახდენს რეაგირებას, ანუ დაჯარიმებას მედიის, თუ მოხდა საარჩევნო და პოლიტიკური რეკლამის განთავსების ფორმის დარღვევა. ისევე როგორც აწვდის ცესკო-ს ინფორმაციას თუ ეს პარტიას ეხება. ვთვლით, რომ ფუნქცია უნდა დარჩეს ისე, როგორც ამჟამად არის მარეგულირებელ კომისიაში და აუდიტის სამსახურს მიეწოდოს შესაბამისი ინფორმაცია, განთავსებული რეკლამის შესახებ. ჩვენი მანდატი უნდა დარჩეს საჯარო ფინანსების სფეროში და არ უნდა ეხებოდეს კერძო სექტორს”, - განაცხადა ეკა ღაზაძემ.

ცნობისთვის, საარჩევნო კოდექსის ცვლილებების საფუძველზე, რომელიც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით გავიდა, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ენიჭება ფართო დისკრეციული უფლებამოსილება მედიის ფინანსური საქმიანობის რეგულირებისა და კონტროლის კუთხით. კერძოდ: ცვლილებები ადგენს მედიის ანგარიშვალდებულებას სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წინაშე გენერალური აუდიტორის მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად. ამასთანავე, მედიის მიერ ანგარიშვალდებულების დადგენილი მოთხოვნის შეუსრულებლობა ან არასათანადოდ შესრულება გამოიწვევს მედიასაშუალების დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით. საარჩევნო კოდექსის 50-ე მუხლის მე-6 პუნქტის, 83-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და 93-ე მუხლის მე-3 პუნქტი.