კომპანია „ლიდერფუდის“ გარშემო მიმდინარე სასამართლო დავასთან დაკავშირებით, „ლიდერფუდის“ დამფუძნებელმა დავით ზეიკიძემ მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს წერილით მიმართა.
განცხადების თანახმად, ორი ინსტაციის სასამართლომ, „ლიდერფუდის“ საქმეზე „უპრეცედენტოდ უკანონო გადაწყვეტილება“ მიიღო.
„ბატონო ბიძინა, უპირველეს ყოვლისა, გიდასტურებთ პატივისცემას და გისურვებთ დიდ წარმატებას ქვეყნის საკეთილდღეოდ შრომასა და ბრძოლაში. ვხედავ, თქვენი განწყობა ისეთივეა, როგორიც 2011 წელს იყო - შეუპოვარი და სამართლიანი. მაშინ, მე, ჩემი ოჯახის წევრები და კიდევ უამრავი ადამიანი, ვინც პატივს მცემს, მოსალოდნელი დიდი საფრთხეების მიუხედავად, უპირობოდ დავდექით თქვენს გვერდით და დღესაც მიმაჩნია, რომ მაშინაც და ახლაც ის არჩევანი იყო და არის ერთადერთი და სწორი. დარწმუნებული ვარ, მომდევნო წლებშიც ბევრი სასიკეთო და საქვეყნო საქმის ორგანიზებას მოახერხებთ და თქვენი პარტია დარჩება საქართველოში მშვიდობის, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის გარანტად. თუმცა, ისიც კარგად მესმის, რომ ეს გზა არ არის იოლი, რომ ამ გზაზე ბევრია ადამიანი, რომელიც პოზიტიურ პროცესებს საკუთარი მერკანტილური ინტერესებიდან გამომდინარე, სახელს უტეხს. მესმის პანდემიის გამო დღეს შექმნილი მდგომარეობა და ამიტომ არ გთხოვთ პირად შეხვედრას და იძულებული ვარ, ამ საშუალებით მოგმართოთ. იმედია, მომეცემა თქვენთან პირადად შეხვედრის საშუალებაც და დაწვრილებით მოგითხრობთ, მაგალითად, იმ უსამართლობის თაობაზე, რაც ჩემი და ჩემი ბიზნესის ირგვლივ ტრიალებს. მანამდე კი, ამ წერილით მივაპყრობ თქვენს ყურადღებას ფაქტს, რომლის მსგავსიც ქართული სასამართლოს ისტორიაში არ მომხდარა.
საკითხი სასამართლო ინსტიტუციას და იქ მიმდინარე დანაშაულებრივ გარიგებებს ეხება. ვფიქრობ, თქვენ, როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარე, დეტალურად უნდა იყოთ საქმის კურსში. უნდა იცოდეთ, ისიც რომ არიან გარკვეული პიროვნებები, რომლებიც უკანონოდ და არა ანგარების გარეშე, გარკვეულ მოსამართლეებთან ერთად, ამ ინსტიტუციის კომპეტენციაში ხელებს აფათურებენ.
საქმე ის არის, რომ ორი ინსტაციის სასამართლომ, კერძოდ კი მოსამართლეებმა ქოჩიაშვილმა და მაკარიძემ, გამოიტანეს უპრეცედენტოდ უკანონო გადაწყვეტილება. ამ განჩინებების მიხედვით, 15 მილიონი დოლარის ღირებულების დავა, განხილვის გარეშე, დაუსწრებელი გადაწყვეტილების საფუძველზე მიაკუთვნეს მომჩივანს. მე გიგზავნით ჩემი ადვოკატის, თქვენი ყოფილი გენერალური პროკურორის, პატიოსანი კაცის და უზადო პროფესიონალის, არჩილ კბილაშვილის მიერ უზენაესი სასამართლოსთვის გაგზავნილ განცხადებას (საჩივარს). მინდა გთხოვოთ, რომ გააცნოთ იგი თქვენი იურისტების ჯგუფს და სთხოვოთ მათ, წარმოგიდგინონ საქმის რეალური ვითარება. დარწმუნებული ვარ, ამის შემდგომ თქვენთვის ნათელი გახდება, თუ კონკრეტულად რა დარღვევები (დანაშაულებები) ჩაიდინეს ჯერ საქალაქო, ხოლო შემდგომ სააპელაციო ინსტანციის მოსამართლეებმა. კბილაშვილის მიერ წარმოდგენილ საჩივარში ეს დარღვევები დეტალურად არის აღწერილი და გამოაშკარავებული. მათ შორის საგულისხმოა, რომ მოსამართლეებმა არ გაითვალისწინეს კანონის მოთხოვნა, რომელიც სარჩელის ჩაბარების წესებს ითვალისწინებს, უგულებელჰყვეს ჩვენს მიერ წარდგენილი არსებითი ხასიათის მტკიცებულებები და მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც სარჩელის ჩაბარებას გამორიცხავდნენ, გამოიყენეს არაკეთილსინდისიერი გზით მოპოვებული მტკიცებულება, რომელიც არ დასტურდება. ისე გააყალბეს და შეკრიჭეს მტკიცებულებები, როგორც აწყობდათ, რომ უზენაესში საქმის ასვლის დროს, უზენაესი სასამართლო გაყალბებულ დასკვნებს დაყრდნობოდა და ა.შ და ა.შ. შედეგად, ჯერ გამოიტანეს, ხოლო შემდეგ ძალაში დატოვეს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც 15 მლნ დოლარის ქონებაზე საკუთრების უფლება გამიუქმეს.
მსგავსი პრეცედენტი, ამ რაოდენობის ქონების საკითხი სასამართლოს საქმის განხილვის გარეშე რომ გადაეწყვიტოს, ქართული ბიზნეს-დავების ისტორიაში არ არსებობს.
თქვენ დიდი გამოცდილების ადამიანი ბრძანდებით და არ გაგიჭირდებათ იმის მიხვედრა, რომ ასეთი გადაწყვეტილებები ანგარების გარეშე არ მიიღება. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ მართალი კაცი არ უნდა დაიჩაგროს. რომ როცა ასე ხდება, ამის შემდეგ იწყება უბედურებების კასკადი. ამიტომ მაქვს იმედი, რომ გამონახავთ დროს და ამ საქმეს კარგად გაეცნობით და თქვენს პირად ავტორიტეტს არ დაზოგავთ, რომ უსამართლობამ არ იზეიმოს.
მე არაფერს ვითხოვ, გარდა იმისა, რომ უზენაესმა სასამართლომ ობიექტურად განსაჯოს და საქმე სასამართლოში დაბრუნდეს არსებითად განსახილველად. დასასრულს მინდა ერთი კონკრეტული მტკიცებულების თაობაზე მოკლედ მოგახსენოთ. ეს ერთ-ერთია იმ მრავალთაგან, რაც წარდგენილი გვაქვს და რაც უბრალოდ არ გაითვალისწინა ჯერ ქოჩიაშვილმა და მერე მაკარიძემ. თქვენთვის ნათელი გახდება რა დონის უტიფრობასთან გვაქვს საქმე და რა დონეზე ვიჩაგრებით. ცნობისთვის, დაუსწრებელი გადაწყვეტილება სასამრთლოებმა დააფუძნეს იმას, რომ თითქოს მე სარჩელი ჩამბარდა და შესაგებელი არ შევიტანე. არადა, სასამართლოსვე მოწვეული მოწმე, ფოსტის კურიერი, ჩვენებაში სიტყვა-სიტყვით ამბობს შემდეგს - : „რაც ნათია კიკალეიშვილს („ლიდერფუდის“ ოფისმენეჯერი) ჩაბარდა, სიმართლე გითხრათ, ეს არ მახსოვს რა წერილი იყო. ბევრი წერილი მიმიტანია და ეხლა კონკრეტულ შემთხვევაში, საერთოდ, ზოგადოდ რომ სასამართლოს წერილი მიმეტანოს, ეგეთი რაღაც არ მახსოვს“ - ანუ საერთოდ, ზოგადად, სასამართლოს წერილი „ლიდერფუდში“ არ მიმიტანიაო, კაცი ამბობს. მოსამართლეებმა კი პირიქით განსაჯეს…
ბატონო, ბიძინა, მე რომ ტყუილად არ ვარ შეშფოთებული და გამწარებული, ამის დასტურია ისიც, რომ ჩვენი უახლოესი მეგობარი სახელმწიფოს, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, ქალბატონი კელი დეგნანი სულ ახლახანს ასევე შეშფოთებით აღნიშნავდა ჩვენი სასამართლოების შესახებ - ციტატა: „ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელია, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა. ამ მიმართულებით პროგრესი მნიშვნელოვანია, როგორც საქართველოს დემოკრატიული, ასევე ეკონომიკური განვითარებისთვის“. ამ ციტატის შეხსენებისთვის, ბოდიშს მოგიხდით და აქვე ყურადღებისთვის მადლობას გიხდით“, – აღნიშნავს წერილში დავით ზეიკიძე.
შეგახსენებთ, რომ უზენაეს სასამართლოს, დასაშვებობის შესამოწმებლად, წარმოებაში აქვს მიღებული „ლიდერფუდის“ დამფუძნებლის, დავით ზეიკიძის საკასაციო საჩივარი. ზეიკიძეს ბიზნესის 50%-ს, მისივე სიძე, ირაკლი დუმბაძე ედავება. სასამართლოს ორმა ინსტანციამ დუმბაძის სარჩელი დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა და მას წილი მიაკუთვნა. როგორც დაუსწრებელ გადაწყვეტილებაშია აღნიშნული, მისი გამოტანის საფუძველი ზეიკიძის მხრიდან შესაგებლის წარუდგენლობა გახდა. დავით ზეიკიძე კი ამტკიცებს, რომ მას სარჩელი არ ჩაბარებია და შესაბამისად, ვერც შესაგებელს წარადგენდა. ამის დამადასტურებელი ვიდეომასალა, ექსპერტიზის დასკვნა და მოწმეთა ჩვენებები ზეიკიძეს მხარეს სასამართლოში წარდგენილი აქვს. ზეიკიძე უზენაესი სასამართლოსგან დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმის არსებითად განსახილველად პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის დაბრუნებას ითხოვს.