რომან გოცირიძე - აუდიტის სამსახურს  შარში ხვევენ

კანონით აუდიტის სამსახურს შარში ხვევენ, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების კომენტირებისას განაცხადა.

"აუდიტის სამსახურს პარტიების ფინანსების კონტროლი არასწორად აქვს მინიჭებული, ეს არ უნდა თავად აუდიტის სამსახურს და ახლა უკვე ამ კანონით დამატებით შარში ხვევენ ამ უწყებას“, - აცხადებს გოცირიძე.

მისი თქმით, ძირითადად, ევროპის ქვეყნებში აუდიტის სამსახური სრულიად გამიჯნულია პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო პროცესის კონტროლისგან.

"აუდიტის სამსახური და პარლამენტის დელეგაცია იმყოფებოდა შარშან ევროპის მრავალ ქვეყანაში, ეს მგონი ერთადერთი მივლინება იყო ჩემი, ზოგი თვეში ათასჯერ დადის. იქ თვალნათლივ გვაჩვენეს, რომ შეუძლებელია, აუდიტის სამსახურის რეპუტაციის შენარჩუნება , თუკი ის ჩაერთვება პოლიტიკური ფინანსებისა და ახლა უკვე მაუწყებლების საარჩევნო რეკლამების მონიტორინგში. ეს გახდის მას პოლიტიკური შუღლის ერთ-ერთ მონაწილე სუბიექტს. ამიტომ ამოღებული უნდა იყოს ეს ინიციატივა და ეს საკითხი უნდა მოგვარდეს სხვაგან, ან მაუწყებელმა უნდა აკონტროლოს. რატომ არ გაითვალისწინა ეს ვიზიტი პარლამენტმა და არ ჩამოიტანა ის რჩევები, რომელიც მივიღეთ? ევროპის უმეტეს ქვეყნებში აუდიტის სამსახური სრულიად გამიჯნულია პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო პროცესის კონტროლისგან,"- განაცხადა გოცირიძემ.

შეგახსენებთ, საარჩევნო კოდექსში ცვლილებების პროექტის თანახმად, მედიამ საარჩევნო სარეკლამო შემოსავლების თაობაზე აუდიტის სამსახურს ინფორმაცია უნდა მიაწოდოს.აუდიტის სამსახურს მედიის, მათ შორის არასაბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი მედია საშუალებების, ფინანსური საქმიანობის რეგულირებისა და კონტროლის უფლებამოსილება ენიჭება.